“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება. ცვლილებებით საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი 3%-მდე მცირდება, ფრაქციას კი, 7 დეპუტატის ნაცვლად უკვე 4 შექმნის.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტირებისას „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ “ოცნების“ მიერ ასეთ შეთავაზებების გაკეთება უხერხულია.
ამასთან, კითხვაზე, გეგმავს თუ არა „გირჩი“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლას და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ “ის პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ბარიერი 0.67 პროცენტამდე დაიწევს“.
„მოლაპარაკებების დროს შეიძლება, ისეთ რამეზე შევთანხმდეთ, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება და 113 ხმა სჭირდება, მგონი ასე არ უნდა გეპატიჟებოდნენ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაგროვებლად. რაც შეეხება შინაარსს, ეს არის ერთჯერადი შემოთავაზება 2024 წლისთვის. რაღაცნაირად უხერხულიც არის ამ ტიპის შემოთავაზების გაკეთება. ვის უკეთებს ამ შემოთავაზებას, ვერ ვხვდები. ჩვენ ხომ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული, რომ ბარიერი დაიწიოს და ჩვენ რომ არ აგვიღია, „ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად. მე შეიძლება იმედი მქონდეს, რომ არჩევნებში 5 პროცენტზე მეტსაც მივიღებ და საბოლოო ჯამში, გავიმარჯვებ კიდეც, მაგრამ არასერიოზულია”.- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილი.