LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირანდა ბაღათურია „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულ მოძალადეებს: ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ? ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?

1056
მირანდა ბაღათურია

„დღეს ლექსოს მაისური ჩავიცვი. ეს მაისური მხოლოდ დაკრძალვაზე მეცვა, მინდა რომ ამ ადამიანს უყუროთ, ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ? ბრალდებულების მხრიდან არაერთხელ გამიგია, რომ ისინი ქვეყანას იცავდნენ, მაინტერესებს, ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?“ – ამ სიტყვებით მიმართა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა, მირანდა ბაღათურიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმ მოძალადეებს, რომლებიც 5 ივლისს „სირცხვილიას“ ოფისთან ბაღათურიას და მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ამ საქმეზე მორიგი პროცესი შედგა, სადაც ჟურნალისტმა, მირანდა ბაღათურიამ მოწმის სახით მისცა ჩვენება და დეტალურად გაიხსენა რა მოხდა იმ დღეს:

„როცა შემოიჭრნენ, ვერ შეგვამჩნიეს, კიბის კუთხეში ვიყავით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არავისთვის კითხვა არ დამისვამს, არავისთვის მიკროფონი არ მიმიშვერია, ვიცოდი რომ გაღიზიანებულები იყვნენ და ვცდილობდი ხმა არ ამომეღო. ლექსოს ვუთხარი და ამას ძალიან ვნანობ, ერთ-ერთს ჰქონდა ხელი გადაჭრილი, მოატრიალა კამერა რომ გადაეღო, ამ დროს ამ ადამიანებმა აღიქვეს, რომ ჩვენ ვუღებდით, მაშინვე დაიწყო აგრესია, ნუ გვიღებთო.

მე და ლექსო შუაში მოგვიქციეს, იყო ქაოსი, ვინ საიდან გვეჯაჯგურებოდა, არ ვიცი, პირველი სამიზნე იყო ლექსო, რადგან იღებდა, თუმცა პირველი ძალადობა იყო ჩემზე, მისი ამოცნობა არ შემიძლია. ლექსო გარდა იმისა, რომ ოპერატორია, ის კაცია და უთხრა, რას აკეთებთ, ჟურნალისტია, გოგოაო. სამიზნე იყო ლექსო და ტექნიკა, ლექსოც და მეც წინააღმდეგობას ვუწევდით, ვცდილობდი ამ ადამიანებისგან თავი დამეღწია, ლექსო ჰაერში აიტაცეს, აპარატურას, კამერას ხსნიდნენ და მისი მტვრევა დაიწყეს, ფეხებს, ხელებს ურტყამდნენ, 51 კილო ვარ და მთელი ძალით ვურტყამდი ყველას წიხლებს, ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა, ვერაფერი გავაკეთე. ლექსო ქვედა სართულზე ჩაიყვანეს, განწირულად ვყვიროდი, ჩემ გაჩუმებას ცდილობდნენ. არც ერთი წამით არ გვიშვებდნენ….

დღეს ლექსოს მაისური ჩავიცვი. ეს მაისური მხოლოდ დაკრძალვაზე მეცვა, მინდა რომ ამ ადამიანს უყუროთ, ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ? ბრალდებულების მხრიდან არაერთხელ გამიგია, რომ ისინი ქვეყანას იცავდნენ, მაინტერესებს, ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?“,- მიმართა ბაღათურიამ მოძალადეებს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ მიმდინარეობის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები