„მე გისვამთ კითხვას – თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით?!“ – ამ კითხვით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა და სექსუალური უმცირესობების თემაზე კომენტირებისას თქვა, რომ „არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია ქვეყანაში არ ხდება“.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში.
„ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ.“ – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა, „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და რომელმაც დაგმო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC):
„ზოგიერთმა გამოაქვეყნა განცხადება, იმის გამო, რომ მე მივიღე მონაწილეობა კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკური პარტიის“ და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო ერთ-ერთი სპიკერი ამ კონფერენციის…
თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელია ჩემი განცხადებები, რაც ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ის აგრესიული, აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას და თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ თანამშრომლობას.“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.