LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მნიშვნელოვანია ჩვენს კოლეგებს ის მიღწევები დავანახოთ, რომელიც გვაქვს” – გახარიამ 2019 წელი შეაჯამა

186
80561819-1550405081764057-7730801005197000704-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2019 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წელი შეაფასა. მინისტრმა სხვადასხვა სფეროზე ისაუბრა და მთავრობის არსებულ და ასევე წინამორბედ შემადგენლობას გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

პოლარიზებული საზოგადოება

გიორგი გახარიამ საზოგადოების პოლარიზებას გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნის საქმე ერთად უნდა გაკეთდეს.

„საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი, როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა გახარიამ.

 

ბრძოლა კრიმინალთან

პრემიერმა კრიმინალთან ბრძოლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. გახარიას განცხადებით, მომავალი წლიდან ადამიანის უფლებებზე მუშაობა გააქტიურდება.

„ჩვენ 2020 წელს უნდა გავაგრძელოთ საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა, რათა მოხდეს გამოძიების ხარისხის გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის საგამოძიებო კომპონენტების გამიჯვნის თვალსაზრისით. ამასთან, 2020 წლისთვის გააქტიურდება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და სამდივნოს მუშაობა, რამეთუ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება პრიორიტეტი 2020 წელსაც, ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

განათლება უპირველეს ყოვლისა

მინისტრმა 2019 წელს დაწყებული განათლების რეფორმებიც შეაფასა და ამ სფეროს განვითარებაზე ყურადღება გაამახვილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2020 წლიდან განათლება მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„განათლების რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებაა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა არ ექნება, თუ ჩვენ  ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა არ შევქმენით. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ გლობალური კონკურენციის ფარგლებში კონკურენტუნარიანები იყვნენ. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით,” – განაცხადა პრემიერმა.

 

საქართველო ნატოს პარტნიორი

გიორგი გახარიამ ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზეც ისაუბრა. მან ნატოსთან თანამშრომლობა და პარტნიორობა დადებითად შეაფასა.

„წელს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით  და ეს შესაძლებლობა სრულად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს გავაცნოთ ის მიღწევები დემოკრატიზაციის, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს და დავანახოთ ის ყოველდღიური პროგრესი, რომელსაც სააქართველოს მოქალაქე და ქართული საზოგადოება ახდენს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატო-ს და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, ნატო-ს კიდევ ერთი მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა გაუწიოს.

ეს არის ჩვენი მისია შავ ზღვაში, ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც დღეს გვაქვს, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა და რომელიც სრულად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებებს მოიცავს, როგორიცაა: უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, ეკონომიკის მიმართულებით ის პროგრესი, რომელიც გვაქვს და რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით. მეგობრებო, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუტებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებსა და პარტნიორებს დავანახოთ პროგრესი, ის პროგრესი, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც სარგებლობს ჩვენი თითოეული მოქალაქე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

magti 5g