„TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემთხვევა სოფელ ბახვში მოხდა. „TV პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს გაუსწორდა „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, რომელიც ასევე მონაწილეობდა 14 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაში, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს
როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული პირის ჩასაწერად მისულ ჟურნალისტს ტექნიკა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ჯერჯერობით დაკავებული არა არის, თუმცა ჩემი მოთხოვნა ნამდვილად არის, რომ ამნაირი, მოძალადე, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი ქუჩაში არ უნდა დადიოდეს. როგორც ამბობენ, რეაგირება ექნებათ“, – ამბობს ჟურნალისტი ნატო გოგელია.
მომხდარ ფაქტს განცხადებით ეხმიანება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტი:
„2023 წლის 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ.
ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ძალადობრივი ჯგუფის, კონსერვატიული მოძრაობა – „ალტ-ინფოს“ მიერ გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ მამუკა ანდღულაძე დაესხა თავს ჟურნალისტს და დაუზიანა ტექნიკა.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.