LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: საია

81
Untitled design

“არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშულებში (იმის მიუხედავად, თუ ეროვნულ დონეზე რა კვალიფიკაციით იქნება საქმე წარმოებული), სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ ამნისტიის და შეწყალების გამოყენება, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.” – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

საიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ 2021 წლის 19 აპრილს მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ორგანიზაციაში ხაზგასმით განმარტავენ, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია იცავს 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა (როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების) ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროპულ სასამართლოში. 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა.

დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, და გამოძიების არაეფექტიანობა, თავისი არსით, იწვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტის დარღვევას.” – აღნიშნულია მიმართვაში.

საია-ს წარმომადგენლების თქმით, ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება:

“მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.” – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-ში ამბობენ, რომ თუ პოლიტიკური პარტიები აღნიშნულს არ გაითვალისწინებენ, საფრთხის ქვეშ დგება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება – ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო. შედეგად კი, სხვა სიკეთეთა შორის, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანების შეკრებისა თუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას.

შეგახსენებთ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

პოპულალურები