LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას არაფერი დაუკლია, ივლისამდე არ ვიცი, მაგრამ წლის ბოლომდე 70%-მდე უნდა ავიდეთ, ძალაში რჩება მონეტარული წახალისებაც – ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციაზე

104
BeFunky-collage (15)

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის ახალ გეგმით სხვადასხვა საკომუნიკაციო კამპანია, აქტივობა და ბილბორდებია გათვალისწინებული. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ძალაში რჩება მონეტარული წახალისებაც.

„მონეტარული წახალისება გრძელდება და ამ ფორმატით, ვფიქრობთ, რომ ის საკმაოდ ეფექტიანია. წახალისება გაგრძელებულია აპრილის ბოლომდე და ამის შემდგომ კვლავ განვიხილავთ ამის გაგრძელებას. ვფიქრობ, რომ ფინანსური დაინტერესება საკმაოდ დიდია და რასაც ვთავაზობთ, 100-200 ლარს, ამის მეტად გაზრდა არარელევანტური იქნება. სხვადასხვა ღონისძიება, საკომუნიკაციო კამპანია, ბილბორდები, სხვადასხვა აქტივობაც და პლუს ფინანსური წახალისება გრძელდება“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესში მთავრობას „არაფერი დაუკლია“ და ხელისუფლებამ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა.

“ორი თვის განმავლობაში რეგიონებში ჩვენი 30-ზე მეტი მობილური ჯგუფი დადიოდა და თითქმის სახლებში სთავაზობდა აცრას. პლუს ფინანსური დაინტერესება, სხვადასხვა კამპანია, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გამოვიყენეთ. ამ ფარგლებში 45%-ზე ავედით ორჯერადად აცრის. სხვა ქვეყნებში 70-80% – ია. საბოლოო ჯამში, იმუნური ფენა საკმაოდ კარგი გვაქვს, როგორც აცრილებში, ასევე გადატანილებში და აქედან გამომდინარეა, რომ პანდემია აღარ არის ისე, როგორ თვეების წინ”,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრის სამიზნე მაჩვენებელს, როგორც მინისტრი ამბობს, რომ ეს ამბიციური გეგმაა და ზაფხულამდე თუ არა, წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.

„სამიზნე მაჩვენებელი გვაქვს 70%-იანი დაფარვა წლის ბოლომდე. ვაქცინები, რაც ჩამოვიდა, საკმარისია. ამის გარდა, გვავიწყდება, რომ მხოლოდ „ფაიზერი“ არაა. გვაქვს საკმაოდ ბევრი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ნებისმიერი ეს ვაქცინა იცავს იმ გართულებებისგან, რაც კოვიდს შეიძლება ახლდეს. მხოლოდ „ფაიზერზე“ ნუ ვორიენტირდებით. იყო წინა დღეებში კომენტარები, რომ „ფაიზერი“ შემოდის და ამიტომ აცრა შემცირდა. ერთნაირად მნიშვნელოვანია აცრა, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით აიცრება ადამიანი. ვაქცინაცია აუცილებელია და ეს უნდა გაგრძელდეს.

ვაქცინები, რაც ჩამოვიდა, საკმარისია. კიდევ გვაქვს შეკვეთილი და წლის ბოლო კვარტალში კიდევ დაემატება, ამიტომ წყვეტა არ იქნება. ტექნიკური ხარვეზების გამო იყო ახლა წყვეტა 2-3 დღე, თორემ უფრო ადრეც ველოდებოდით. დღეიდან განაწილდება ყველა ქსელში და ყველას შეეძლება „ფაიზერით“ აცრა“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

magti 5g