პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიწვევის საკითხს, ოპოზიციონერი დეპუტატი გიგი უგულავა ეხმიანება და აცხადებს, რომ „ნაძვის ხეზე წასვლით და არც წაუსვლელობით არაფერი დაშავდება“.
მისივე განმარტებით, ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც საახალწლო მიწვევაზე არ მიდიან აცხადებენ, რომ „სადღესასწაულო ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც საქმიანი საუბარი შედგება“, ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი, რომლებიც საახალწლო მიწვევას იღებენ, აცხადებენ, რომ „ყინული უნდა დაიძრას და ამისთვის მანამდე ხელის ჩამორთმევაა საჭირო“. უგულავას განმარტებით, ორივე არგუმენტს აქვს არსებობის უფლება.
“არა ნაძვის ხის და შამპანურის გამო” – ვინ რა არგუმენტით (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე
„ის, ვინც არ მიდის, არ მიდის არა ბოიკოტის გამო, არამედ იმის გამო, რომ სადღესასწაულო ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც საქმიანი საუბარი შედგება და ამის მოლოდინი არც არის, ქალბატონმა სალომემ თქვა კიდევაც, ეს, უბრალოდ, ნაძვის ხე არის. მეორე მხარე, ვინც მიდის, იმის არგუმენტია, რომ რაღაცნაირად ყინული თუ გინდა დაიძრას და შემდეგი იყოს ლაპარაკი, მანამდე ხელი უნდა ჩამოართვა. ამ არგუმენტსაც აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენეთ, ზურაბიშვილის საახალწლო მიწვევა ორბელიანების სასახლეში არ მიიღო არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.