არა ნამახვანჰესს! – ამ ლოზუნგით რიონის ხეობის მოსახლეობა უკვე 117-ე დღეა აქციებს მართვს. დღეს კი გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობა ისევ ქუჩაში გამოვიდა. ამჯერად ადგილობრივები ამბობენ, რომ ნამახვანჰესის მწარმოებელმა კომპანიამ ENK-მ ხეობაში ასაფეთქებელი ნივთიერებების მონტაჟი დაიწყო და ხეობის აფეთქებას ე.წ კომენდანტის საათის დროს გეგმავენ.
დღეს, რიონის ხეობაში კვლავ ხმაური და დაპირისპირება იყო – აქციაზე მისულ მომიტინგეებს სიტყვიერი დაპირისპირება ნამახვანჰესის მწარმოებელ კომპანია ENK-სთან მოუვიდათ. ისინი ხეობიდან კომპანიის დაუყოვნებლივ გასვლას მოითხოვენ. ამბობენ, რომ კომპანიამ ხეობის ფერდობის ასაფეთქებელი სამუშაოები დაიწყო და ნაღმებს უკვე ათავსებენ.
მოსახლეობის თქმით, ჰესის მშენებლობა ისტორიულ ხეობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და მათ შორის, დატბორვის საშიშროების წინაშე ქალაქ ქუთაისსაც დააყენებს.