თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა.
მისივე განმარტებით, მას ნელი დოროყაშვილმა განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დოროყაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტრავმის მიღების დღეს მას თავის ტკივილი ჰქონდა.
„მას ჰქონდა სიმპტომები და ნიშნები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას მიეკუთვნებოდა. მარჯვენა მხრის შიდა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიეკუთვნებოდა ჯანმრთელობის მოშლის გარეშე“,- განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.
მისივე თქმით, მსგავსი სახის დაზიანება რაიმე მკვრივი ბლაგვი სახის საგნით არის მიყენებული.
სამედიცინო ექსპერტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა ეხმიანება და აცხადებს, რომ „მათთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მიიღო ნელი დოროყაშვილმა დაზიანება“.
როგორც ადვოკატი განმარტავს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის მიერ დათვალიერებისას, ნელი დოროყაშვილს მკლავზე მხოლოდ სიწითლე ჰქონდა.
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკითხულია სასწრაფოს ექიმი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა პირველს დაეთვალიერებინა ნელი დოროყაშვილის მხარზე არსებული ესკორაციები. ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ დოროყაშვილს აღენიშნებოდა უმნიშვნელო დაზიანება სიწითლის სახით, რაც კანის ოდნავ აქერცვლაში გამოიხატებოდა. თავის მხრივ, როცა დაესვა კითხვა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულია მკლავის შიდა ნაწილში დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, ექსპერტმა გამორიცხა აღნიშნული დაზიანების არსებობის ფაქტი 2020 წლის 21 მაისის 16:00 საათის მდგომარეობით.
ექსპერტმა ასახა ის დაზიანება, რაც ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა, თავის მხრივ, ექსპერტმა დღეს, დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ ეს დაზიანება შესაძლოა, მიყენებული იყოს რამდენიმე საათის შემდეგაც და არ იყოს წინააღმდეგობაში ხანდაზმულობის კუთხით. ამ ნაწილში ნელი დოროყაშვილის განმარტებები სარწმუნო არ არის. დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით უნდა ვიხელმძღვანელოთ სპეციალისტთა განმარტებებით. სპეციალისტი, რომელმაც პირველად, გულდასმით დაათვალიერა ნელი დოროყაშვილის მარჯვენა მკლავი, როგორც შიდა, ასევე გარე ზედაპირი, ცალსახად დააფიქსირა, რომ მას აღნიშნული დაზიანება არ ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანება. საყურადღებოა შემდეგი დეტალი, როცა სასწრაფოს ექიმმა მსგავსად ექსპერტისა, ნელი დოროყაშვილს დაუსვა კითხვა, თუ რა ვითარებაში მიიღო გარე ზედაპირზე არსებული უმნიშვნელო დაზიანება კანის სიწითლისა და აქერცვლის სახით, მან უპასუხა, რომ ვერ იხსენებს და ვერ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული დაზიანება მასში ტკივილს არ იწვევდა, რაც სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ბრალის წარდგენისას“,- განაცხადა გვაზავამ.
„ქორწილის დღეს შემეხო პირველად ხელით“ – ნეკა დოროყაშვილი ქორწინების პირველ დღეებს იხსენებს