LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ანანიაშვილი რუსეთში ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

243
nino-ananiashvili-artfm19

ცნობილი ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ამის შესახებ ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“დიდხანს ვფიქრობდი და ვეძებდი გამოსავალს. ძალიან ვნერვიულობ ფინანსურ მხარეზე, რადგან ჩვენ ბილეთებიდან შემოსული თანხით ბევრ რამეს ვაკეთებდით და ვახერხებდით და ახლა ესეც აღარ გვქნება. ვერც განახლებას შევძლებთ, ვერც ვერავის დაპატიჟებას. რა ბიუჯეტიც ჩვენ გვაქვს, სავალუტო კურსის ცვლილების გამო, ისიც გამესამედდა. მადლობელი ვარ, რომ მსახიობებს ხელფასი შეუნარჩუნდათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვნერვიულობ – 2021-ში შევძლებთ კი საერთაშორისო პროექტებით აღებული ვალდებულების შესრულებას? ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ამ თანამშრომლობით, მაგალითად, გაიყოს დადგმის თანხები, ან მოვახერხოთ სპექტაკლების გაქირავება. ისიც ცნობილი პრობლემაა, რომ ჩვენ ბიჭების პრობლემა გვაქვს ბალეტში. რადგან აქ ინტერნატი არ გვაქვს, ვერ ჩამოგვყვავს ბავშვები ვერც ქუთაისიდან, ვერც ზუგდიდიდან… თბილისელებს ბალეტზე ბიჭები არ მოჰყავთ. ამაზეც ვფიქრობ, რომ იქ, ნოვოსიბირსკის თეატრში, იაპონელებიც მუშაობენ, იტალიელებიც და იქნებ გაჩნდეს ეს შესაძლებლობა, რომ ბიჭები აქაც ჩამოვიდნენ და აქაც იმუშაონ, სხვანაირად, უბრალოდ, სპექტაკლს ვერ დავდგამთ…

გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო…

თუ გავითვალისწინებთ, ბალეტის მნიშვნელობას ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და იმას, რომ რუსეთი ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა, მაშინ დიახ, ასეა. თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა,”-აღნიშნავს ბალერინა.

პრიმა-ბალერინა აღნიშნავს, რომ პარალელურად ქართული დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

“სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი – ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა – მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში.”-ამბობს ანანიაშვილი.

ნინო ანანიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მის გადაწყვეტილებას მეუღლე, გრიგოლ ვაშაძე არ მისალმებია.

“იცით, როგორ არის, მე სულ მაქვს რუსეთის დიდი თეატრის ვარსკვლავებთან ურთიერთობა. ამ გადაწყვეტილებით რაიმე უცნაურს ნამდვილად არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს მეტ თავის ტკივილს ვუჩენ. მართალი გითხრათ, გრიგოლი არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მასაც ასე ავუხსენი, რომ დღეს ეს არის გამოსავალი. სხვა თეატრები დაკეტილია. რაც აქამდე გავაკეთე – ეს საკმარისი აღარ არის,”-აღნიშნა ანანიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები