LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძემ დალი ჩიტალაძეს შოპინგში გადაუჯოკრა

3199
nino-nadiradze

ნინო ნადირაძე და დალი ჩიტალაძე დიდი ხნის მეგობრები არიან, ერთი სანაცნობო წრე ჰყავთ, ძალიან ბევრი საერთო თვისება აქვთ და ერთი ზოდიაქოს წარმომადგენლები არიან. დალისთვის ნინო გაჭირვების ტალკვესია.

მეგობრებს სასტუმრო „ადამოში“ შევხვდით ინტერვიუსთვის და გავიგეთ, რა აერთიანებს ამ ორ ცნობილ ქალბატონს.

ორივე ვერძი ხართ, რამდენიმე დღის გამოტოვებით გაქვთ დაბადების დღეები. ორი ვერძის მეგობრობა როგორ გამოვიდა?

დალი:

ძალიან კარგად (იღიმის). რაღაცებით, მთავარი შტრიხებით, შემართებითა და ენერგიით ვგავართ ერთმანეთს.

ნინო:

ორივე გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ!.. ვართ ფენიქსებივით, რაც უნდა დავიფერფლოთ, მაინც აღვდგებით, ეს უნარი გვაქვს.

დალი:

2005 წლიდან ვმეგობრობთ. უკვე იმდენი წელია, მეგობრები ვართ, ყველაფერში რომ გამოცდი ადამიანს. მივიღეთ გამოცდილება ერთმანეთთან ყოფნის, როცა ადამიანს უფრო მეტად უახლოვდები.

ისეთ სფეროში ტრიალებთ, სადაც ბევრი ჭორი და ინტრიგაა. რა გამოცდებს გაუძლო თქვენმა მეგობრობამ?

ნინო:

ზუსტად იმიტომ, რომ ცხოვრებას ერთნაირად ვუყურებთ, არასდროს ვიხლართებით ინტრიგებში, სკანდალებში და საქმეების გარჩევებში. ჩვენ ეს გვეზარება.

დალი:

საერთოდ, ჩვენ გვაქვს საერთო პოზიტივი და ოპტიმიზმი და ეს გვაცოცხლებს, ფენიქსებივით გვამყოფებს. ძალიან უნდა გამიჭირდეს, რომ ვინმეს დავურეკო და დახმარება ვთხოვო. ძირითადად, როცა ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ნინოს ვურეკავ დასახმარებლად. ნინო რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი მშობლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. კლინიკაში, სადაც ნინოა, ვიცი, რომ კარგად მომხედავენ. იმიტომ არ ვაქებ, რომ ნინო აქ ზის და მისი წყალობით არიან ჩემი მშობლები ცოცხლები. ვინც კი მივიდა, ჩემი რეკომენდაციით, ყველა კმაყოფილი წამოვიდა. ხომ სულ იყო, მაგრამ ახლა მით უმეტეს არის ჩემი გაჭირვების ტალკვესი.

ნინო:

როცა მირეკავენ, ჩემი პირველი კითხვაა: „მშვიდობაა?“ თუ მშვიდობაა, მერე დამირეკეთ, რომ მათ მივხედო, ვისთანაც მშვიდობა არაა-მეთქი, ვპასუხობ (იღიმის).

ნერვებზე არ მოქმედებს?

მიჩვეული ვარ. ალბათ, ღმერთმა იმისთვის გამაჩინა, რომ ადამიანებზე ვიზრუნო. თუკი როდისმე წამიყრუებია, ეს ცუდად მომბრუნებია და ამიტომ ვცდილობ, თუ შემიძლია, ყველას დავეხმარო. ყველას ხომ თავისი მისია აქვს და ჩემი მისია ესაა.

დალი:

იმდენი მამეცადინა, რომ ამას წინათ ხუმრობით მეუბნებოდა, ცოტა ხანში ექიმის დიპლომს მოგცემო (იცინის). ჩემშიც არის მზრუნველობის თვისება და ყველას უკვირს, რომ ექიმი არ ვარ. მინდა, ვიზრუნო ჩემს მეგობრებზე, ყველა კარგად იყოს. ასე რომ, ხომ ხედავ, მე და ნინოს რამდენი რამ გვაერთიანებს, მხოლოდ გარეგნულად არ ვგავართ.

გაცნობის მომენტი გახსოვთ?

ნინო:

ია ფარულავასთან, „ტუსოვკაზე“ ვნახე პირველად დალი. მე მაშინ ძალიან ნორჩი ვიყავი. დალი უნდა მოსულიყო. 2005 წელს იქცეოდა ქვეყანა. შემოდის დალი, იხდის პალტოს და აცვია მოკლემკლავიანი შავი კაბა და გრძელი ხელთათმანები. სექსუალურად მოიხსნა ჯერ ერთი, მერე – მეორე. ძალიან თვითკმაყოფილი იყო, დედოფალივით დინჯი. მახსოვს, ისე მომეწონა…

დალი:

გაცნობის დღე მეც მახსოვს. შევედი და დავინახე ნინო, მოკლე კაბით, გრძელი ქერა თმით, რომელიც მისი სავიზიტო ბარათია. ასე ვთქვათ, კარგი „ნაშა“ დავინახე (იცინის). ცნობილი ექიმების ოჯახის რძალი, თავადაც ექიმია, ვიცი და ველოდები კდემამოსილ ქალს, შემრჩა ჩვეულებრივი კარგი გოგო. ვგიჟდები ნიჭიერ და ლამაზ ხალხზე, ძალიან მომეწონა მისი იუმორი და ინტელექტი. ჩემი მეგობარი ვერ გახდები, თუ ნიჭიერი არ ხარ. ვაფრენ ასეთ ხალხზე…

დაბადების დღის სიურპრიზზე მითხარით, რომელიც დალის მეგობრებმა გაუკეთეთ…

ნინო:

ია ფარულავამ დამირეკა, დალის სიურპრიზი უნდა გავუკეთოთ და დაბადების დღე გადავუხადოთ ისე, რომ არ გავაგებინოთო. ჩემი პასუხი იყო, ჯობია, გავაგებინოთ-მეთქი. ვერძებს სიურპრიზები არ გვიყვარს. სპეციფიკური გემოვნება გვაქვს და თუ არ გაგვირტყეს ზუსტად, შეიძლება, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება გამოვხატოთ. ახლა ვისწავლე ათამდე დათვლა, სანამ რამეს ვიტყვი, ახალგაზრდობაში პირდაპირ ვამბობდი (იცინის). ცხოვრებამ მაჩვენა, რა არის მთავარი და რა – მესამეხარისხოვანი… მოკლედ, კიდევ კარგი, კრისტი ყიფშიძემ იმარჯვა და წინა დღეს გააგებინა, დალი დაგვტუქსავდა, კაბა რომ ვერ მოესწრო.

დალი:

ასეთი ტრადიცია მაქვს, რომ ყოველ დაბადების დღეზე ახალი კაბა უნდა მეცვას. მომწონდა ეს მატერია. დათუნა სულიკაშვილმა შემიკერა. ახალი კაბა რომ არ მცმოდა, გავგიჟდებოდი. ტელეფონზე დავურეკე დათუნას და შემომთავაზა, რომ ეს მოდელი გაეკეთებინა. დილას მივედი მოზომებაზე და საღამოს მზად იყო. მაინც როგორ ვგავართ მე და ნინო, მანაც დაბადების დღისთვის წითელი კაბა შეიკერა (იცინის).

ნინო:

ჩემი კაბაც, რომელიც დაბადების დღეზე ამსტერდამში მეცვა, წითელი გახლდათ და სამ დღეში შემიკერეს. ამსტერდამში, ფაქტობრივად, ფოტოსესიისთვის ჩავედი (იცინის). გუგას ჰქონდა იდეა, რომ სადმე წავეყვანე. სასტუმრო იმის მიხედვით ავარჩიე, სად გამოვიდოდა ყველაზე კარგი ფოტოები (იცინის). ფოტოებსა და ვიდეოებს გუგა მიღებდა. მკარნახობდა, როგორ უნდა გამევლო. სტუმრები არ იყვნენ მიჩვეულნი ასეთ ამბებს. მთელი სასტუმრო გაშტერებული გვიყურებდა. მე და გუგას ფოტოებს მეტრდოტელი გვიღებდა, დაგვსდევდა უკან. გუგამ ორი დღე გაუძლო ჩემს შოპინგს, ყველა ჩემს უზნეობას უყურებდა და იტანდა, მამაკაცისთვის ძალიან რთულია ლოდინი, სანამ შენ გამოიცვლი. საღამოს დაღლილები ვსხედვართ ჰოლში, ნაშოპინგარი, ჩემი ნადავლით და გუგას ვეუბნები, ნეტა, ჩემი თავი დამანახა 90 წლის ასაკში-მეთქი. ეს ფრაზა დასრულებული არ მქონდა, გაიღო კარი და შემოვიდა ქალი, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემი სიბერე წარმომიდგენია. თავად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ზუსტად ჩემნაირი იყო ახალგაზრდობისას. ვიღაც მილიონერის ქვრივი იყო. მთელი სასტუმრო შეაზანზარა. ბეწვის ქურთუკი ეცვა, მოტკეცილი შარვალი, უამრავი ბრილიანტი ეკეთა (იცინის). დაიმახსოვრე, ყველა ქმარი ნერვებს უშლის ქალსო. გუგა კვდებოდა სიცილით.

რომ დაწერეთ, 90 წლის ასაკში კიდევ უკეთესი ვიქნებიო, ეს კომენტარი რამ გამოიწვია?

რატომღაც საზოგადოებას ძალიან დიდი ინტერესი აქვს ჩემ მიმართ. ალბათ ვარ საინტერესო, არ ვიცი. საქართველოში ბევრი ლამაზი ქალია, მოდელები, თანამდებობის პირები, რომლებსაც არ სთხოვენ იმას, რასაც მე მთხოვენ – მოდელის პარამეტრებს, მეფის მეორე ნახევრის ჩაცმულობას, აინშტაინის ტვინს. ჩემგან რატომღაც ყველა მოითხოვს უბერებლობას. ეს არის მუდმივი პრესი ჩემ მიმართ. რა გენაღვლება, პლასტიკური ქირურგი ქმარი რომ მყავდეს, მეც ავეწყობოდიო, მწერენ. მერე ვინ გიშლის, აეწყვე… მე არ მაქვს პრეტენზია, რომ საუკეთესო ვარ. უამრავი პლასტიკური ქირურგია, კაციშვილს არ აინტერესებს მათი ცოლები. ჩემი ოჯახიდან სხვა არც ერთი რძალი არ აინტერესებთ.

დალი:

საქართველოში ასეთი მიდგომაა, წარმატებული და განსხვავებული თუ ხარ, აუცილებლად გერჩიან. ნინო ხომ სხვა ადამიანში ვერ აგერევა? მას აქვს თვითმყოფადობა. როცა განსხვავებული ხარ, მეტი კრიტიკოსი გყავს. გადასული ვარ „ინსტაგრამზე“, რადგან „ფეისბუქზე“ სტატუსებში რა სჭირს ამ ხალხს, ვერ ვხვდები. არ მოგწონს? გაიარე. მე ასეთი პრინციპი მაქვს, რაც კარგია, იმას მოვიწონებ, რაც – არა, გავატარებ. ხომ არ შეიძლება, ყველას მოვწონდე მე ან ნინო?

ნინოს რომ მეუღლემ მანქანა აჩუქა, ამასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასეთ კომენტარებს სამეგობროში განიხილავთ ხოლმე?

საერთოდ არ არის ეს თემა. კომენტარებით როგორ უნდა ვიცოცხლოთ?!. ჩემს სტატუსში იშვიათად გამოვტახავ წუხილს, მაგალითად, როცა ჩემი და მენატრება, ზოგადად კი, პრობლემებზე აქცენტს არ ვაკეთებ. ყველას გვაქვს ჩვენი პრობლემები, შეიძლება, ასე არ ჩანს, მაგრამ ბევრი რამ გვაქვს საზრუნავი, თუმცა ამას სხვებს თავს არ ვახვევთ. ძალიან თუ გაგვიჭირდება, მეგობართან ვაგვარებთ და სხვაგან არსად გავარჩევთ.

ბევრ თვისებაზე ვისაუბრეთ, რაც გაერთიანებთ. რა განგასხვავებთ?

ნინო:

დალი უფრო კომფორტული ადამიანია, ღიმილი ყოველთვის შეუძლია. დალის შეუძლია, მოგიწყოს დღესასწაული, შეიძლება, ძალიან ცუდად იყოს, მაგრამ ეს არ შეიმჩნიოს. დალის არ უყვარს მარტოობა. მე პირიქით, მიყვარს. თუ არ ვარ ხასიათზე, გართობა-ადამიანი არ ვარ. როცა პრობლემა ვარ, ჩემთვის ვარ, ამას ბოლოს იგებენ, როცა ყველაფერი მთავრდება, შეიძლება, ვერც გაიგონ, მათ შორის, ძალიან ახლობელმა ადამიანებმაც. მიჩვეული ვარ ჩემი პრობლემების თავად მოგვარება. ასე ვარ გაზრდილი. ხალისი და დროსტარება არ მიყვარს, ამით სიამოვნებას ვერ ვიღებ. სიამოვნება შეიძლება მივიღო დალისთან ხუთწუთიანი საუბრით. შესაძლოა, ისე ვიღლები, რომ ფიზიკურად ვეღარ ვპოულობ ძალას, დამატებითი რაღაცები ვაკეთო. ძალიან ცოტა ადგილს ვსტუმრობ. დალის თავყრილობები უყვარს. ის რომ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდეს, დილის შვიდზე რომ დგებოდეს, ალბათ, მასაც არ ექნებოდა ხალისი. ჩემი რელაქსია დილისა და საღამოს ვარჯიში და რა ვუყო ამ სასიკვდილეს, მაგრამ შოპინგი (იცინის).

დალი:

ეს ორივეს პრობლემაა, მაგრამ ვაღიარებ, რომ ნინომ გადამიჯოკრა. მოახერხა (იცინის). მე, ია ფარულავა და ნინო ვისხედით იმ დღეს და ვფიქრობდით, სად წავსულიყავით და „გვემკურნალა“, მკურნალობაში შოპინგს ვგულისხმობდით. ია, ძირითადად, იწერს სამოსს, ჩვენ მაღაზიებში ვყიდულობთ. შოპინგი, პრინციპში, პროფესიად გავიხადე. მყავს რამდენიმე მუდმივი კლიენტი, რომელთა გარდერობში ცვლილებები შემაქვს.

ნინო:

ძალიან ეტყობათ ხოლმე იმ ქალბატონებს დალის ხელი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დალი აცმევდეს. ძალიან ლამაზი ქალია და იქ რომ დალი შეავლებს ხელს, საუკეთესო იქნება. მიხარია, რომ ქალი პრეზიდენტი გვყავს. ტოპმენეჯმენტში საზღვარგარეთ უკვე ძირითადად, ქალები ჰყავთ. მეც, როცა საქმე მინდა გაკეთდეს, ქალს ვავალებ და ეს მუდამ ამართლებს.

ოჯახებით მეგობრობთ?

დალი:

კომფორტულია, როცა შენი მეგობრის მიმართ შენს მეუღლესაც პოზიტიური განწყობა აქვს. ვმეგობრობთ ოჯახებით.

საერთო სამეგობრო წრე გყავთ?

ნინო:

საერთო ვიწრო წრე გვყავს და ბევრი ადამიანი არ გვჭირდება ბედნიერებისთვის.

ერთმანეთის მიმართ რა სურვილები გაქვთ?

დალის ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესიდეა უტრიალებს თავში, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცია. ეს ლამაზი ქალების დამახასიათებელი თვისებაა. ლამაზ ქალებს გარეგნობა აზარმაცებთ. დალის ჰაერიდან შეუძლია ბიზნესის შექმნა, მაგრამ მე რომ უთენია ვიღვიძებ, ეს იმ დროს იძინებს. მისთვის ხშირად მითქვამს, რომ უფრო ბევრს მიაღწევდა, ცოტა მახინჯი რომ ყოფილიყო. დალის გარეგნობის ქალები ძალიან იშვიათი იყო, თავს ეხვივნენ თაყვანისმცემლები, დალი რომ თავს გადაწევდა, ყველაფერი მის ფეხებთან იყო დაყრილი და ამან გააზარმაცა. დალის არ ედგა ისეთი მამა, როზგით და მათრახით, როგორიც მე მყავდა. სპარტანულად გამზარდა და ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები დამილაგა, თითქოს კაცობრიობის ვალი მქონდა და არავის იმედი არ უნდა მქონოდა, საკუთარი თავის გარდა. მეც მქონია სწრაფი შედეგები, რაც მომხიბვლელობის გამო მიმიღია, მაგრამ ჩემში არის ჩადებული, რომ უნდა ვიყო ფოსტის ცხენი და ვირის მუშა. დღემდე როცა ვერთობი, თავს ვგრძნობ დამნაშავედ. ჩემმა მშობლებმა არ მასწავლეს, რომ ცხოვრება მარტო შრომა და წვალება არაა. ჩემი დამოკიდებულებაც ჩაცმა-დახურვისადმი ალბათ ამით არის გამოწვეული. მშობლები კომპენსაციისთვის ყველაფერს მყიდულობდნენ, რაც მინდოდა. ვიშრომე, – უნდა ვიყიდო ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. ეს ალბათ არ არის სწორი მიდგომა, მაგრამ ამასთანავე ისიც ვიცი, რომ ვისაც უჭირს, იმაზეც უნდა დავხარჯო ფული.

დალი:

ესეც გვაერთიანებს, შეიძლება ბევრი დავხარჯო შოპინგისთვის, მაგრამ არ დამავიწყდება არც ერთი ჩემი ახლობელი. ნინოსგან განსხვავებით, მე სხვანაირი ბავშვობა მქონდა, პიონერთა სასახლეში გავიზარდე, ხან ვმღეროდი, ხან ვცეკვავდი, სკოლაში მიჩვეულები იყვნენ, რომ თითქმის არ დავდიოდი, იქაც კონცერტებს ვაწყობდი, თუმცა კარგად ვსწავლობდი.

ნინო:

დალის უნდა, პროფესიული სასწავლებელი გახსნას და რაც თავად იცის, ასწავლოს სხვასაც. საქართველოში ამის დიდი დეფიციტია. ძალიან ჭირს მაღაზიაში კვალიფიციური კონსულტანტი, რომელმაც იცის, როგორ გაყიდოს ტანსაცმელი ან სხვა რამ. დალის შეუძლია მოამზადოს ბაიერები, ასწავლოს დიზაინი და მოდელირება.

დალი:

ნინოს, ღმერთის წყალობით ყველაფერი აქვს. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, ჰყავს შესანიშნავი ოჯახი, ყველა მიყვარს, ივადან დაწყებული, ჩემი მეორე ოჯახია მართლა. ნინოს შვილებზე ვაფრენ, ბაიკო ჩემთვის სითბოსა და სიყვარულთან ასოცირდება. ბაიკოში ყველაფერი ერთად არის ჩაქსოვილი.

ნინო:

ახლა მითხოვდება, მაგრამ ეს შემდეგი ინტერვიუს თემაა (იღიმის).

დალი:

ჩემს ოჯახში დიდი პრობლემაა, რომ ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანოს. 38 წლისაა. დაბადების დღეზე რომ მეკითხებოდნენ, რამდენი წლის გახდიო, არ დამიმალავს, 56 წლის გავხდი და ვერც დავმალავდი, რადგან ამხელა შვილი მყავს. ჩემი ოცნებაა, მან ცოლი მოიყვანოს და შვილიშვილი შემეძინოს. ჩემს ქმარს ჰყავს შვილიშვილები და ახლა კიდევ ველოდებით, სხვათა შორის, ვერძი იბადება. მთელ სიყვარულს მათში ვაქსოვ, მაგრამ ჩემიც მინდა. მე ბებიანაცვალი ვარ, ნინო ჯერ არ არის ბებია.

ნინო:

ძალიან მინდა, დალის საავტორო გადაცემა ვუსურვო, სადაც ახალგაზრდებს გაუზიარებს საინტერესო რჩევებს მოდასთან დაკავშირებით.

ლოკაცია: სასტუმრო „ადამო“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები