გუშინ, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც, „ოცნების“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია, რის გამოც ანა წითლიძემ ლევან მგალობლიშვილს ქაღალდები ესროლა“, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ეხმაურება და აცხადებს, რომ შეურაცხყოფის აღნიშნული ფორმები მიუღებელია.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია უკიდურეს პროვოკაციაზე წასვლას ცდილობს.
„ეს არის ძალიან არასწორი და ცუდი პრაქტიკა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა – ქალი იქნება თუ კაცი, უკიდურეს პროვოკაციაზე მიდის იმისთვის, რომ სურათი იყოს იმგვარი, მათ შეეძლოთ ეს ყველაფერი სათანადოდ გაყიდონ საერთაშორისო სივრცესა და მედიაში, ვიდრე ადგილზე, იმიტომ რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, რა პროვოკაციებზე წასვლის შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ეს პოლიტიკური ველი უფრო მეტად დასტაბილურდეს იმ კუთხით, რომ ეს საშინელი პოლიტიკური კულტურა, რომელიც აუტანელი, შეურაცხმყოფელი, ყველანაირად მიუღებელი ეპითეტების ძახილით იწყება ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება განსაზღვრო როგორი იქნება უკურეაქცია. თუმცა ამავდროულად, მინდა მოვუწოდო ყველას, შეურაცხყოფის ამ ფორმებში გადასვლა არავისთვის არ არის მომგებიანი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.