LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის მამის ჩვენების თანახმად, მისი შვილი ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ჰალუცინაციები ჰქონდა

147
გოგა გზირიშვილი

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის მამის ჩვენების თანახმად, მისი შვილი ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ჰალუცინაციები ჰქონდა

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის მამის, გოჩა გზირიშვილის ჩვენების თანახმად, მისი შვილი ნარკოტიკულ საშუალებას – მარიხუანას მოიხმარდა და ჰალუცინაციები ჰქონდა.

როგორც გზირიშვილმა განმარტა, მკვლელობამდე გარკვეული პერიოდით ადრე, მან შვილს ფსიქიკური პრობლემები შენიშნა და ექიმთან წაიყვანა. მოწმის თქმით, შვილის ქცევებში არაადეკვატურობას ხედავდა.

გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა შემთხვევის დღეზე. მისივე თქმით, მკვლელობის დღეს, მას მეორე შვილი მასწავლებელთან ჰყავდა წაყვანილი, რა დროსაც, მეზობლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.

ბრალდებულის მამის ჩვენების მიხედვით, მან შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, ორსული რძალი შვილს გაარიდა და დეიდასთან წაიყვანა.

„რადგან გოგა წამლებს სვამდა, გამოვარიდე, იმის გამო კი არა, რომ იჩხუბეს. უბრალოდ, გავარიდე, დისტანციურად რომ იქნება, დაწყნარდება, თან ორსულმა არ ინერვიულოს-მეთქი. აფორიაქება, უძილობა ჰქონდა, შიშებიც ჰქონდა – ფარდას გაწევდა, კარს გააღებდა და იხედებოდა ხოლმე“, – განაცხადა გზირიშვილმა.

მისი განმარტებით, ბრალდებული მარიხუანაზე დამოკიდებული იყო.

„80% ამ მოსაწევს ეწევა, ყველაზე ერთნაირად ხომ არ მოქმედებს? კონკრეტულად მარიხუანას ეწეოდა. როგორც მერე გავარკვიე, დიდი ხანია, რაც ეწვევა…. ჰალუცინაციები ჰქონდა, გიჟივით დადიოდა, დარბოდა. სანამ პრობლემას შევამჩნევდი, ბავშვს გულში იხუტებდა, მერე იყო მომენტი, როცა ბავშვი წაიქცა და ყურადღება არ მიაქცია, იყო მომენტი, როცა ბავშვი წაიქცა, აიყვანა და ქეთის უყვიროდა, რატომ არ აქცევ უურადღებასო.

მეუღლემ მითხრა, ქეთიც ამჩნევს, რომ გოგა შეიცვალა და გთხოვ მიხედეო და ამის მერე წავიყვანე ექიმთან. გოგას რამდენჯერმე ვთხოვე ექიმთან წასვლა, არ ვარ გიჟიო, მეუბნებოდა, მერე დამთანხმდა. ექიმს ვუთხარი, არაადეკვატურია-მეთქი.

3 დასახელების წამალი – დამამშვიდებლები გამოუწერა, ერთთვიანი კურსი იყო. გოგას ყველაფერი აღიზიანებდა, დამამშვიდებლებს სვამდა, მაგრამ მაინც ყველაფერი აღიზიანებდა, ეუბნებოდა ქეთას, წადი ცოტა ხანი, გამეცალეო. ფიზიკური შეურაცხყოფა გამორიცხულია, არასდროს ყოფილა. ჩემი რძალი იგივე შვილი იყო, არავითარი ეჭვიანობა არ ყოფილა. გოგას მეგობრებს ვთხოვე, მოწევა იქნება თუ დალევა, მოერიდეთ, გოგას წამლებს ვასმევ-მეთქი“,– განაცხადა გზირიშვილმა.

ბრალდებისა და დაცვის მხარის შემდეგ, მოწმეს კითხვებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემაც მიმართა. ის დაინტერესდა, შესწრებია თუ არა მამა, შვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, რაზეც გზირიშვილმა განაცხადა, რომ შესწრებია.

მოსამართლემ ასევე ჰკითხა, მარიხუანას გარდა მოიხმარდა თუ არა ბრალდებული სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, მაგალითად, ე.წ.ბიოს, რასთან დაკავშირებითაც მოწმემ ჯერ აღნიშნა, რომ ისიც „მარიხუანასავითაა“, მოსამართლის რეპლიკის შემდეგ, რომ „ბიოს“ მოქმედება 20-25-ჯერ ძლიერია, გზირიშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილი შესაძლოა, აღნიშნულ ნივთიერებასაც მოიხმარდა.

ჩხიკვაძემ მოწმეს ასევე ჰკითხა, თამაშობდა თუ არა დაკავებული აზარტულ თამაშებს, რასთან დაკავშირებითაც გზირიშვილმა უპასუხა, რომ „ბოლო პერიოდში მიეძალა“.

ბრალდებულ გოგა გზირიშვილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. აღნიშნულ დასკვნას ბრალდების მხარე უახლოეს პერიოდში ელოდება.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები