LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე: „რეპეტიციის შემდეგ მიხვდნენ, რომ არ აქვთ საქმე ხელწამოსაკრავ კონკურენტთან…“

4629
nmsdzoto

14 მაისს „ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი შედგება, სადაც ოთო ნემსაძეს ვიხილავთ. უკვე მეორე კვირაა, ქართველი შემსრულებელი თელ ავივში იმყოფება. მოგეხსენებათ, 2018 წელს კონკურსის გამარჯვებული ნეტა გახდა, რომელიც ისრაელის წარმომადგენელი იყო, შესაბამისად, „ევროვიზიის“ მასპინძელი 2019 წელს ეს ქვეყანა გახდა.

შემსრულებლებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ. როგორც ოთო ნემსაძემ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ საუბარში განაცხადა, ფიქრობს, რომ პერფორმანსის დროს ყველაფერი რიგზე იქნება, თუმცა მაინც ნერვიულობს, რადგან მის უკან საქართველოა. როგორც იცით, ოთოს გვერდს „შავნაბადას“ მომღერლები დაუმშვენებენ.

ოთო ნემსაძე:

მოსამზადებელი პერიოდი არის ძალზე რთული და დატვირთული. 4 მაისიდან თელ ავივში ვართ. დავდივართ ინტერვიუებზე, არის უამრავი რეპეტიცია. ვიყავი გახსნის ცერემონიაზე. ჩვენი გამოსვლა დღითი დღე იხვეწება, ვცდილობთ, სცენაზე მაქსიმალურად იდეალურად გამოვიდეთ.

ცვლილებები შეგაქვთ?

ჩამოტანილ მასალაში არა, მაგრამ სცენაზე ამ ყველაფრის განხორციელებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ყოველი რეპეტიციის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს დაწვრილებით განვიხილავთ და კორექტივები შეგვაქვს იმასთან დაკავშირებით, სად როგორი ჭრა უნდა იყოს და ა.შ.

მედიის განწყობა როგორია შენ მიმართ?

მედიის განწყობა არის ძალიან კარგი. მით უმეტეს, რეპეტიციის შემდეგ მიხვდნენ, რომ არ აქვთ საქმე ხელწამოსაკრავ კონკურენტთან. ძალიან ბევრი გამოცემა წერს, ბევრი მუსიკალური ბლოგი ჩვენს მხარესაა. ვნახოთ, რა იქნება ხვალინდელ გამოსვლაზე.

ნერვიულობ?

ვნერვიულობ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემ უკან მთელი საქართველო დგას. დარწმუნებული ვარ, რომ ნამღერშიც და გამოსვლაშიც არანაირი ხარვეზი არ იქნება.

თამთა გოდუაძესთან შეხვედრას როგორ გაიხსენებ, როცა „სულიკო“ შეასრულეთ?

გაიგო, სად ვწერდით ინტერვიუს და თავად მოვიდა, რამაც ძალიან გამახარა. გადავწყვიტეთ, სიმღერა ერთად შეგვესრულებინა…

რისი თქმა გსურს გულშემატკივრისთვის?

დიდი მადლობის თქმა მინდა პირველ რიგში, რადგან საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობ. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მინდა მივმართო, რომ აქამდე არ გქონიათ საშუალება, ოთო ნემსაძისთვის გეგუშემატკივრათ და ახლა დადგა ის დრო, როცა 14 მაისს საღამოს უნდა უგულშემატკივროთ ოთოს და ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აუცილებლად სჭირდება თქვენი გვერდზე დგომა, ეს ყველა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა უნდა იცოდეს!..

შეგახსენებთ, პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა „პირველი არხის“ ეთერში 14 მაისს, საღამოს ათი საათიდან შეგიძლიათ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g