ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტი მედიკოსია და საზღვარგარეთ მუშაობს. როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხე არ ემუქრება.
“ამ დაავადებას ახასიათებს ვერაგობა. თუ მაგალითად გრიპი იწყება მძიმედ თავიდან, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დასაწყისი და პირველი კვირის განმავლობაში მდგომარეობის დამძიმება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით, მეოთხე ინფიცირებულს არაფერი ემუქრება, მაგრამ ის საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რომ არ დამძიმდეს. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კარგია, ორის საერთოდ ძალიან კარგია, არაფერი სჭირთ. ერთს, ახალგაზრდა ქალბატონს აღენიშნება ტემპერატურის სუბტემბრილური მატება, 37.1 – 37.2, მეტი არა, და მშრალი ხველა. ანუ იმ სამის მდგომარეობა კარგია”, – აცხადებს ცერცვაძე.
"თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება იყოს თვითიზოლაციაში, მოვუწოდებ ყველას მოერიდოს ასეთ ადამიანებს" - პაატა იმნაძე
კორონავირუსით დაინფიცირებულმა მე-4 პაციენტმა მაღალი თვითშეგნება გამოიჩინა.
მისი თქმით, პაციენტმა დროულად არ მიმართა ექიმს მაშინ, როდესაც უკვე მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. ცერცვაძემ საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოუწოდა კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნისკენ.
“ისინი აუცილებლად უნდა წავიდნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში. როგორც კი გამოჩნდება კლინიკური ნიშნები, ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, მაშინვე უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს. ამ პაციენტმა ეს წესი დაარღვია, ორი დღე იმყოფებოდა სახლში მაღალი სიცხით. იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევა დასრულდება კეთილად, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ასე არ მოხდეს. მეოთხე ინფიცირებული მედიკოსია და მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. რამდენადაც ვიცი, რაიმე ქრონიკული დაავადება არ აწუხებს”, – ამბობს ცერცვაძე.
იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხი უკვე განიხილება
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი უკვე 80-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების მე-4 შემთხვევა დღეს, 5 მარტს დაფიქსირდა.
