„საქართველოს ხელისუფლება სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის ბლოკპოსტის დემონტაჟს არ განიხილავს“ – ამის შესახებ ადგილზე მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ლაშა დარსალიას თქმით, აღნიშნული პერიმეტრი ყოველთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო კონტროლირებული, მათ შორის 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომაც.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მიმდინარეობს მათი ინფორმირება, რათა გადაიდგას ვითარების დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები.

ჩორჩანას საგუშაგოსთან მყოფი საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახა ქემოკლიძე კი აღნიშნავს, რომ ჩორჩანაში შსს-ს სტაციონალური საგუშაგო არ არსებობდა და მისი მშენებლობა უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების მიზნით გადაწყდა.

„ეს არის ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას , დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება პოზიციას შეარბილებს და გაითვალისწინებს ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა“- აღნიშნა უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა.

დღეს დილიდან ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების, ევროკავშირის და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს პოლიციის საგუშაგოს დაშლას ითხოვს. მათ ულტიმატუმის ვადად დღეს 06:00 საათი დაასახელეს.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები