LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმრებისთვის ოჯახთან კონტაქტის არარსებობა კომპენსირებული იქნება: პენიტენციური დაწესებულებები კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება

99
89939811-2831534093589270-7004855028552826880-o

“16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს. ამ შეღავათის გაგრძელებაზე მუშაობას ვაგრძელებთ” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“19 მარტს ამოიწურა პენიტენციურ სამსახურში ორკვირიანი განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა, და 19 მარტსვე ეს პერიოდი გაგრძელდა 3 აპრილის ჩათვლით. არ არის გამორიცხული 3 აპრილის მიღმაც გაგრძელდეს ეს პერიოდი, ანუ ჩვენ გავაგრძელოთ განსაკუთრებულ პირობებში მუშაობა იმისთვის, რომ საპატიმროში მყოფი ადამიანები დარჩნენ ვირუსისგან მაქსიმალურად დაცული. როგორც იცით, განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალულია პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი ჩვენს მსჯავრდებულებში. ჩვენ ამ დისკომფორტის ნაწილობრივი კომპენსირება მოვახერხეთ და 16 მარტიდან მოქმედებს 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო ყოველი თვის განმავლობაში. გვინდა ეს ჩაკეტილობა და მისგან გამოწვეული ოჯახთან კონტაქტის არარსებობა რამენაირად კომპენსირებული იყოს ჩვენი პატიმრებისთვის”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

თეა წულუკიანმა ციხეებში კორონავირუსის შეტანის პრევენციულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თითოეული ახალი პატიმარი 21 დღეს სპეციალურ საკარანტინე სივრცეში გაატარებს.

“უკვე მეოთხე კვირაა ვერცერთი ახალმისჯილი პატიმარი ვერ შედის ძველ კონტეიგენტთან, სანამ 21-დღიან საკარანტინე პერიოდს არ მოიხდის. მინდა პატიმრების ოჯახებს მივმართო, რომ ეს არ გახლავთ ციხის ენაზე ე.წ. კარანტინი, ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში. იქ ახალი პატიმრები ატარებენ 21 დღეს და ამის შემდეგ, თუ რაიმე  საეჭვო სიმპტომი არ გამოუვლინდათ, შეერევიან ძველ კონტიგენტს. ისინი, ვისაც რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ, ვერ ხვდებიან ციხის ტერიტორიაზე და მივლინებული არიან ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც უკვე 26 პატიმარი მოთავსდა. მათგან 6 გაეწერა, ამ დროისათვის არცერთ პატიმარს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. რაც შეეხება კლინიკიდან გაწერილ პატიმრებს, ისინიც 21 დღის განმავლობაში საკარანტინე სივრცეში მოთავსდებიან”, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა პატიმრების ოჯახებს მიმართა და განაცხადა, რომ ციხეებში მაქსიმალური ყურადღება მახვილდება კორონავირუსის იმპორტის საფრთხის თავიდან აცილებაზე.

“მინდა ვუთხრა ოჯახებს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ ციხეში არ მოხდეს ვირუსის შეტანა. 23 მარტიდან აიკრძალა დამლაგებლების შეშვება ციხეებში, კერძო კომპანია გვაწვდის სადენზიფექციო საშუალებებს და ციხის ადმინისტრაცია საკუთარი შესაძლებლობით უზრუნველყოს ციხის დალაგებას” – აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 23 მარტიდან პატიმრების სასამართლოებში გაყვანაც იკრძალება.

“ასევე აიკრძალა პატიმრების სასამართლოებში გაყვანა და პროცესები მოეწყობა ონლაინ რეჟიმში. მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ გავაცნობთ გეგმას, რომელიც გულისხმობს, რომ პენიტენციური დაწესებულებები ვირუსის აღმოფხვრამდე გახდეს კიდევ უფრო ჩაკეტილი და დახურული, რათა მაქსიმალუად ავირიდოთ თავიდან კორონავირუსის იმპორტი,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4505 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ – 247.

საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ – დიმიტრი ხუნდაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები