„კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი,“ – ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მისულმა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
მან პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ილია II-ის წერილი მიუტანა. როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს უთხრა, წერილის შინაარსი შეეხება სააკაშვილის პრინციპულ პოზიციას მის შიმშილობასთან დაკავშირებით.
„მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა,“ – განაცხადა ბოტკოველმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს ვერ სთხოვს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან ამის უფლება ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის.