LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველი თამაში გავიტანეთ ექსპორტზე, ეს არის სამაგიდო თამაში გერმანიის ცხენოსნობის ასოციაციისთვის ” – “თამაშობანა” საერთაშორისო გამოფენის შესახებ

333
tamashobana (1)

ქართული თამაშების და სათამაშოების ონლაინ მაღაზია “თამაშობანა” გერმანიაში სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე, სახელწოდებით “Spielwarenmesse” მონაწილეობდა. კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი ნაუ სონღულაშვილი “ფორტუნასთან” ღონისძიების შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ გამოფენაში მონაწილეობის შედეგად, კომპანიამ ექსპორტზე პირველი თამაში გაიტანა.

გამოფენაზე სამი შეთავაზება გვქონდა: თამაშის ილუსტრაცია-დიზაინი, თამაშის კონცეფცია და თამაშების წარმოება ანუ დამზადება და ბეჭდვა საქართველოში. ასევე, ორი პროდუქტი ვთარგმნეთ გერმანულად და ინგლისურად და ამ თამაშებზეც გვქონდა მოთხოვნა.

საკმაოდ დიდი და პოპულარული გამოფენაა და მრავალ მიმართულებად მოიცავს. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო იმიტომ, რომ პირველად გავაკეთეთ თამაში გერმანელებისთვის ანუ ფაქტობრივად, პირველი თამაში გავიტანეთ ექსპორტზე.

ეს არის სამაგიდო თამაში გერმანიის ცხენოსნობის ასოციაციისთვის. თამაში მოიცავს თეორიული მასალის შესწავლას ანუ როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა თეორიული მასალა ცხენოსნობაზე. ძალიან გაგვიხარდა ის, რომ ჩვენმა დამკვეთმა ჩვენთან სამუშაო პროცესი საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასა. აღნიშნულ თამაშზე, რომლის ილუსტრაციაც გვქონდა დაკვეთილი, ავიღეთ პარტიის დაკვეთა, რომელიც 500 ცალს შეადგენს. ამის გარდა, ავიღეთ ორი თამაშის პროტოტიპის, ილუსტრაციის და კონცეფციის შემუშავება ანუ ორი ახალი თამაში უნდა დავამზადოთ, ლიცენზიასაც ყიდულობენ თამაშზე, რაც ნიშნავს, რომ როგორც ინტელექტუალური საკუთრება ისე გაგვაქვს მსოფლიო ბაზარზე”, – ამბობს ნაუ სონღულაშვილი “ფორტუნასთან”.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სათამაშოების ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენაზე “Spielwarenmesse” სათამაშოების მწარმოებელი 9 ქართული კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა გერმანიაში, ქალაქ ნიუნბერგში გაიმართა.

“აწარმოე საქართველოში” ინფორმაციით, მონაწილეობის მიზანია ქართული კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამედროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g