LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი სტიქიის ზონაში გაემგზავრა: რა ვითარებაა რაჭაში

158
116327764-2362871420683743-2010150234924926605-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნობა დაზიანებულ სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას და საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილზე მუშაობა დღეს დილიდან განაახლა. უწყების ინფორმაციით, სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, სოფლებში ჩარჩენილ მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები მიაწოდეს.

“პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამაშველო დრონები, რომლითაც ხდება მიუვალ ადგილას მაგისტრალის გადამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა“, – განმარტავენ უწყებაში.

გზების ჩამონგრევა გრძელდება, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაზარალებულია რამდენიმე ოჯახი – სტიქია ონის მუნიციპალიტეტში

შეგახსენებთ, რომ ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა რაჭის რეგიონი სერიოზულად დააზარალა, ჩაიხერგა გზები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხერხდა. საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლებმა  სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქების ნაწილი უკვე გამოიყვანეს.  ვერტმფრენებით რეისები მოქალაქეთა გამოსაყვანად დღის განმავლობაში კიდევ შესრულდება.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, გუშინდელი დღიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.