ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის განწყობები გამოიკვეთა.
NDI-ს კვლევის მიხედვით, 45 პროცენტს შეადგენს გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში დემოკრატიაა.
კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45 პროცენტი პასუხობს, რომ დიახ, 42 პროცენტი პასუხობს, რომ არა, ხოლო არ იცის – 12-მა პროცენტმა.
2019 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 59-დან 42 პროცენტამდე შემცირდა იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ამჟამად დემოკრატია არ არის. ხოლო 33-დან 45 პროცენტამდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც პასუხობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის.
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77 პროცენტი აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო.
გამოკითხულთა 92 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შემავიწროვებელი – შემაშინებელი გარემო იყო.
საარჩევნო უბნებზე არსებული სიტუაციის შეფასებისას, გამოკითხულთა 92 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები საარჩევნო უბნებზე კარგად იყო დაცული, 94 პროცენტი პასუხობს, რომ უბნებზე მოწესრიგებული სიტუაცია იყო, ხოლო 89 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები.
გამოკითხულთა 92 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შემავიწროვებელი/შემაშინებელი გარემო იყო. მხოლოდ შვიდი პროცენტი მიიჩნევს საარჩევნო უბნებზე გარემოს ასეთად.
NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 2020 წლის ივნისთან შედარებით, 4 %-ით, 76-დან 80 პროცენტამდე გაიზარდა იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომელთათვისაც მისაღებია ქვეყნის გაცხადებული მიზანი, ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის წევრობის სურვილი მიუღებელია – 12 პროცენტისთვის, არ იცის – რვა პროცენტმა.
2020 წლის ივნისთან შედარებით, 69 პროცენტიდან 74 პროცენტამდეა გაზრდილი ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მოსაზრება მისაღებია 74 პროცენტისთვის, მიუღებელია 16 პროცენტისთვის, არ იცის ცხრა პროცენტმა.
კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს.
გამოკითხულთა 31 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24-მა პროცენტმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა პროცენტმა. არ იცის – ხუთმა პროცენტმა.
„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.
„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.
შეკითხვაზე, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს, 82 პროცენტი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო არ ეთანხმება მხოლოდ ცხრა პროცენტი.
შეკითხვაზე – ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას: იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში – 76 პროცენტი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო არ ეთანხმება მხოლოდ 13 პროცენტი. „ენდიაის“ კვლევის მიხედვით, ამ შეკითხვაზე პასუხებს შორის 14 პროცენტი არის ოპოზიციის მხარდამჭერი. მათი 65 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება”. 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება სხვა პარტიებს (“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”) ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.
პრემიერ-მინისტრის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 46% აფასებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას ჯამურად დადებითად (ძალიან კარგად ან კარგად) აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი.
პრემიერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს 32 პროცენტი, უარყოფითად (ცუდად და ძალიან ცუდად) აფასებს 17 პროცენტი.
პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, გაზრდილია 21-დან 46 პროცენტამდე.
ინსტიტუტებს შორის მეორე ადგილზეა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის საქმიანობას ჯამურად, კარგად და ძალიან კარგად აფასებს 24 პროცენტი, საშუალოდ – 27 პროცენტი, ცუდად და ძალიან ცუდად – 31 პროცენტი.
პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა – 15 პროცენტი, საშუალოდ – 34 პროცენტი, ხოლო უარყოფითად – 35 პროცენტი.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, ჯამურად, კარგად და ძალიან კარგად აფასებს – 14 პროცენტი, საშუალოდ – 34 პროცენტი, ცუდად და ძალიან ცუდად – 35 პროცენტი.
NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.