LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური არ გაძვირდება – სახელმწიფომ დაადასტურა, რომ ამას არ დაუშვებს

90
5f521db491001

სახელმწიფომ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სახელით დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას,- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი პროგრამის მიხედვით, პურის ფასი პირველ თებერვლამდე არ გაიზრდება. ხოლო იმისთვის, რომ პირველი თებერვლიდან არ გაძვირდეს პური, სახელმწიფოს მხრიდან 10 – ლარიანი სუბსიდირება არასაკმარისი იქნება.

„დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ის რომ 68 ლარია თავისუფალ ბაზარზე, მომავალ 2 თვიან ტენდენციაში 10 – ლარიანი სუბსიდირება აღარ ყოფნის. დღევანდელი პროგრამა რომელიც მუშაობს, პურის ფასს დადასტურებულად არ აძვირებს პირველ თებერვლამდე. რაც შეეხება მეორე ტენდერის პირობებს, თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა, სახელმწიფო არ წავიდა პირობების შეცვლის კუთხით, ფასი იქნება საბაზრო და საბაზრო ფასის პირობებში პურის ფასიც გადაიხედება.

თუმცა, სახელმწიფომ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის სახელით დაადასტურა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს პურის გაძვირებას, გადაიხედება ტენდერის პირობები, რომ არ გაძვირდეს პური და მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება, ან სხვა მექანიზმზე იქნება საუბარი. სავარაუდოდ, სუბსიდიის თანხა 15 ლარამდე გაიზრდება, რათა ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი შენარჩუნდეს. ჩვენ ყველანაირი გათვლა გადავეცით უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საბოლოო გადაწყვეტილება არის ის, რომ პურზე ფასი არ უნდა გაძვირდეს, აქედან გამომდინარე, რა მიმართულებას, რა ტაქტიკას და რა მექანიზმს აირჩევს სახელმწიფო, მათი გადასაწყვეტია“,- ამბობს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე.

მისივე თქმით, რუსეთის მთავრობაში ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რომ საექსპორტო საბაჟო გადასახადი გადაიხედოს და ერთ ტონაზე 25-დან 50 ევრომდე გაიზარდოს. სილაგავას განმარტებით, ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია სერიოზული რყევები საერთაშორისო ბირჟებზე და ვინაიდან საქართველო საერთაშორისო ბაზრებზეა მიბმული, ეს მისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები