რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახალი ისტორია საკუთარ წარმოსახვაში შექმნა და ფანტაზიის შედეგი გაგვიზიარა. პუტინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა, აფხაზეთი კი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო  – 1810 წელს.

რადიო „ფორტუნა“ ისტორიკოსებს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, ქვეყნის პირველი პირის ასეთი განცხადებები ხომ არ ეყრდნობოდა სადმე არსებულ ჩანაწერს, ან ხომ არ არსებობს, თუნდაც ე.წ. „კარის ისტორიკოსის“ მიერ დაწერილი საქართველოს ისტორიის პუტინისეული  ვერსია. 

ბუბა კუდავა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ეს უბრალოდ ტყუილი კი არა, აბსურდია და არსად  მათ შორის არც იმპერიალისტურად განწყობილ ისტორიკოსებს ეს არ დაუწერიათ.

„თითოეული წინადადება რამდენიმე ტყუილს შეიცავდა. წეღან მოვისმინე, პრემიერმა თქვა, რომ არასწორი ინტერპრეტაციააო. არანაირი ინტერპრეტაცია. ეს არის ტყუილი. ინტერპრეტაცია ნიშნავს, როცა დავუშვათ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი რაღაც ჭრილში წარმოაჩინო, თორემ ეს არის აბსურდი. სტრატეგია იყო, როგორც ჩანს ასეთი: დიდი ტყუილი უნდა უთხრა საზოგადოებას, რომ პატარა ტყუილს არ დაიჯერებსო. დიდ ტყუილზე იტყვიან, ამხელა რაღაცას როგორ მოიტყუებოდაო, თანაც პრეზიდენტიო – ამაზე იყო გათვლილი. ზოგადად რუსული პოლიტიკა ხომ ტყუილზეა აგებული და საბჭოთა კავშირშიც ტყუილებს გვასწავლიდნენ“, – აცხადებს კუდავა.

რადიო „ფორტუნას“ კითხვაზე, ხომ არ არის რუსეთში, რომელიმე ისტორიკოსის მსგავსი ჩანაწერი, კუდავამ გვითხრა, რომ შეიძლება ვინმე ბლოგერმა სადღაც მსგავსი სისულელე დაპოსტოს.

„არც ერთი სერიოზული, მათ შორის იმპერიული სულისკვეთებით განწყობილი ისტორიკოსი ამ სისულელეს არ დაწერს. ფაქტოლოგიური შეცდომებია. არა მხოლოდ შეცდომები, არამედ აბსურდები. მაგალითად, ის, რომ ოსეთი მე-18 საუკუნეში რუსეთს შეუერთდა, მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთი. ამ დროს ქართლ-კახეთის სამეფო არსებობს, რა სამხრეთ ოსეთი, ეს ცნება არ არსებობდა საბჭოთა კავშირის პერიოდამდე. ასეთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი არ არსებობს. არსებობს ქართლი და მისი ნაწილები. ეს არის შიდა ქართლის ერთი ნაწილი. ეს არის აბსურდი. მე რომ  ვთქვა ახლა, ამერიკაში არსებობს ქართული ავტონომიური ერთეული-მეთქი, ეს ხო უბრალოდ ტყუილი არაა, ეს არის აბსურდი“, – ამბობს ისტორიკოსი.

ვლადიკავკაზი. ოსეთის რუსეთთან ნებაყოფლობით მიერთების მემორიალი

 

რადიო „ფორტუნა“ გიორგი კალანდიასაც დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ პუტინი მთლად ჰაერიდან მოტანილს არ ლაპარაკობს.

გიორგი კალანდია: „პუტინის განცხადებები, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე და ეს არის ყალბი ისტორია. არც იმას ვიტყვი, რომ ჰაერიდან მოტანილს ლაპარაკობს. რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს მოსაზრებები დიდი ხანია არსებობს. ეს კაცი არ არის პროფესიონალი ისტორიკოსი, მას ეს არ მოუგონია, არ დასიზმრებია, რუსულ ისტორიოგრაფიაში არსებობს. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ჩაახშო ბოლშევიკური გამოსვლა აფხაზეთში, მაგრამ მან ეს ინტერპრეტაცია გაუკეთა.

 

ქართული ჯარი სოჭში შედის. 1918 წლის 5 ივლისი.
რუსული წყაროს თანახმად, გერმანელების მხარდაჭერით ქართულმა არმიამ მარტივად დაიკავა აფხაზეთი,
გადავიდა სოჭის ოლქისკენ და გაიწია ტუაპსეს მიმართულებით  

 

„ქართველებმა ყველაფერზე საკუთარ ემოციებზე აყოლა რომ ვიცით და საკუთარ ბაზარზე ვასაღებთ ამას, ახლა მე და თქვენ რასაც ვწერთ, ამას ქართველი მოისმენს და გულზე მჯიღს დაირტყამს. აბა შედით, რუსულ ვიკიპედიაში. ნახეთ რა ინფორმაცია დევს. რუსული ვიკიპედია რომ გახსნათ იმას ნახავთ, რაც პუტინმა თქვა. საკუთარ ბაზარს და ნაჭუჭს ვერ გავცდით ქართველები. საკუთარ ნაჭუჭში ვიხარშებით სულ. პუტინს არ დასიზმრებია, რაც მან თქვა“.

ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა პუტინის ტყუილს პრემიერ-მინისტრმაც. მამუკა ბახტაძის თქმით, დადგება დღე, როცა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთიან და ძლიერ ქვეყანას ავაშენებთ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“. მისივე თქმით, ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა.

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი