რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პუტინი მთელი უკრაინის დაკავებას ცდილობს და რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“.
ამის შესახებ „Украинская правда“ ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ცნობებით, პუტინმა მაკრონს გამოუცხადა უფრო ფართო გადაწყვეტილების თაობაზე, „კონტროლის აღების მიზნით“, შეტევა მთელ ქვეყანაზე გააგრძელოს.
როგორც გამოცემა წერს, მხარეთა შორის გამართული საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონს განუცხადა, რომ „რუსული არმიის ოპერაცია მოსკოვის გეგმის მიხედვით ვითარდება“.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
პუტინის თქმით, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ, სიტუაცია დაიძაბება.
„პრეზიდენტი მაკრონი ელოდება უარესს იმის გათვალისწინებით, რაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა“, – აცხადებენ ელისეს სასახლის წყაროები.
ამასთან, მედიის ცნობით, პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ აპირებს უკრაინის „დენაციფიკაციას“, რასაც ომის დაწყებისთანავე აცხადებდა.
არსებული ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს რუსული პირობები დეტალურად გააცნო: „უპირველეს ყოვლისა, უკრაინის დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი, რათა არასოდეს იყოს საფრთხე რუსეთისთვის მისი ტერიტორიიდან“.
მედიის ინფორმაციით, პუტინმა ასევე უთხრა მაკრონს, რომ „ინფორმაცია კიევზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“.
როგორც ცნობილია, მაკრონმა სატელეფონო საუბარი ჯერ პუტინთან გამართა, შემდეგ კი უკრაინელ ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა.