LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი: ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია, მიტინგის წამყვანების აზრით და ხალხის რაოდენობის მიხედვით იცვლება სახელებიც: ხან ტექნიკურია, ხან ერთობის, ხან დროებითი

68
ირაკლი ქადაგიშვილი

სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას პრემიერის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ეხმიანება.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია:

“ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებული სამუშაოს დიდი ნაწილი შესასრულებელია პარლამენტის მიერ, ოპოზიციას მოვუწოდებთ, პარლამენტში იმუშაონ ამ საკითხებზე და კონსტრუქციულები იყვნენ.

ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობის მიხედვით იცვლება ამ მთავრობის სახელებიც: ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ.

რეალურად კი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყანაში რამენაირად მოახდინონ დესტაბილიზაცია და არეულობის მიღწევა. ეს არ ჯდება ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების ჭრილში და იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს ახალი პერსპექტივიდან გამომდინარე.

სამოქმედო გეგმა რომ შესრულდება, ამაზე მკაფიო განცხადებები გაკეთდა. სამუშაოს დიდი ნაწილი შესასრულებელია პარლამენტის მიერ, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ ერთადერთი მოთხოვნა მაინც შეასრულონ, პარლამენტში იმუშაონ ამ საკითხებზე და კონსტრუქციულები იყვნენ. როცა საუბარია ოპოზიციის ჩართულობაზე, ძირითადად, ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ამ პროცესიდან რამენაირად თავი გამოითიშოს და გაურკვეველ ტექნიკურ და სხვა სახის მთავრობებს იგონებს, რასაც რეალურ კონსტიტუციურ, დემოკრატიულ პროცესთან არანაირი საერთო არ აქვს. ასევე არც დღის წესრიგში არ ჯდება, რაც ევროკავშირ-საქართველოს აქვს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს.

ამის შესახებ 24 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – “შინ ევროპისკენ” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებას 1 კვირის ვადა მისცა.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება.

პოპულალურები