LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქანთრის მეფე, კენი როჯერსი – საინტერესო ფაქტები მუსიკოსზე

6819
ფაქტები მუსიკოსზე

ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი კენი როჯერსი 120 სინგლის ავტორია, მან მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი ჟურნალებმა Today და People ყველა დროის ყველაზე საყვარელი არტისტების სიაში მოახვედრეს. კენეტ რეი როჯერსი 1938 წლის 21 აგვისტოს ტეხასში დაიბადა. დედა მედდა გახლდათ, მამა კი მშენებელი იყო. ოჯახს მუსიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად, როჯერსმა სკოლის დასრულების შემდეგ, შექმნა ჯგუფი სახელად Scholars, სოლოკარიერა კი 50-იან წლებში დაიწყო. ახალგაზრდობაში კენეტი როკ-ენ-როლით იყო გატაცებული, საქვეყნო აღიარება კი მაშინ მოიპოვა, როდესაც ქანთრიზე გადაერთო და ფოლკლორული სიმღერების შესრულება დაიწყო.

კენი როჯერსის პირველი ჰიტი გახდა სიმღერა, That Crazy Feeling, ის ყველა ცნობილი რადიოსადგურის ეთერში ტრიალებდა და უდიდესი კომერციული წარმატებაც ჰქონდა. 60-იან წლებში როჯერსი ისეთ მუსიკოსებთან მუშაობდა, როგორებიც არიან ედი არნოლდი და მიკი გილი. უკვე 1967 წელს როჯერსმა გააფორმა კონტრაქტი ლეიბლთან United Artists და ჩაწერა პირველი სოლოალბომი  – Love Lifted Me. „ბილბორდის“ ჩარტები კენი როჯერსმა პირველად მაშინ დაიპყრო, როდესაც გამოვიდა მისი სინგლი Lucille, რომელიც მაშინვე გახდა პოპულარული. ამას მოჰყვა მულტიპლატინის დისკის მფლობელი ალბომი The Gambler, სადაც შედის ჰიტები: Coward of the County და She Believes In Me. 70-იანებში როჯერსი გაერთიანდა ცნობილ ქანთრი-შემსრულებელთან, დოტი უესტთან და სწორედ ამ დუეტმა მას “გრემის” პირველი ნომინაცია მოუტანა. მომდევნო წლების განმავლობაში ცნობილი ქანთრიდუეტი სტადიონებს ავსებდა, სიმღერები: Anyone Who Isn’t Me Tonight, What Are We Doin’ in Love, All I Ever Need Is You და Till I Can Make It On My Own ქანთრიმუსიკის კლასიკად მონათლეს. სხვათა შორის, მოგვიანები, კენი როჯერსმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ სიმღერების პოპულარობა მეტწილად დოტი უესტის დამსახურება იყო, რადგან ის საოცრად ემოციურად მღეროდა.

80-იან წლებში კენი როჯერსმა თანამშრომლობა დაიწყო ლაიონელ რიჩისთან. სწორედ ლაიონელმა დაწერა სუპერპოპულარული ჰიტი, Lady, რომელიც გარდამტეხი გახდა კენი როჯერსის შემოქმედებაში. ამას მოჰყვა მუსიკოსის დუეტები ბარი გიბთან და დოლი პარტონთან. ამ უკანასკნელთან ერთად ჩაწერილი ჰიტი – Eyes that See in The Dark პლატინის სერთიფიკატის მფლობელი გახდა და მსოფლიო ჩარტების სათავეშიც მოექცა. 1985 წელს კენი როჯერსი მსოფლიოს A კლასის ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდა მსოფლიო ჰიტის We Are The World შექმნაში. 90-იან წლებში კენი როჯერსმა მუსიკალურ კარიერაში პაუზა აიღო და მხოლოდ 2006 წელს, 50 წლის იუბილეზე დაბრუნდა. სიმღერა Calling Me, რომელიც დონ ხენლისთან ერთად დუეტში ჩაიწერა, 2007 წელს „გრემის“ ნომინანტი გახდა. 2015 წელს მუსიკოსმა მუსიკალური კარიერის დასრულება დაანონსა. 2017 წელს შედგა მისი ბოლოკონცერტი ბრიჯსთოუნ-არენაზე, რომელსაც მსოფლიოს ვარსკვლავები ესწრებოდნენ.

კენი როჯერსის ინტერესები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მუსიკით, ის აქტიურად მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში, ასევე გატაცებული იყო ფოტოხელოვნებით. როჯერსი არაერთხელ გახლდათ დაოჯახებული, ბოლოს ის 1997 წელს, ოფიციანტ ვანდა მილერზე დაქორწინდა. 2019 წელს კენი როჯერსი 35 ყველაზე მდიდარ მუსკოსთა სიაში შევიდა, ის კარიერის დასრულების შემდეგ სარესტორნო ბიზნესში გადაერთო. კენი როჯერსი 2020 წლის 20 მარტს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მისი გარდაცვალების მიზეზი მძიმე დაავადება არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები