დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 541 ეკონომიკური სუბიექტი , რომლებიც ფლობდნენ 1 639 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 2.8 პროცენტით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს.

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2018 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.3 პროცენტს.

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.9 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2018 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 927.9 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 7.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აქედან იჯარით გაცემული იყო 70.5 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 958.6 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 8.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2018 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 72.6 ათასი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 8.2 პროცენტით და 33.2 ათასს გაუტოლდა.

2018 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 666.1 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტუმართა 71.3 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 19.7 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქები იყვნენ, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 29.4 პროცენტით აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიისა (23.2 პროცენტი) და პოლონეთის (19.5 პროცენტი) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი თურქეთისა (20.9 პროცენტი) და ისრაელის (18.8 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ.

2018 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (77.7 პროცენტი). სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მოქალაქეს წარმოადგენდა (შესაბამისად, 20.7 და 11.2 პროცენტი).

2018 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 19 261 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (57.6 პროცენტი) ქალები წარმოადგენდნენ.

მსგავსი თემები