კრისტიან დანიელსონის რიგით მეორე ვიზიტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა.
შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი ახლა ბრიუსელშია, ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა კი დღემდე ბუნდოვანი ჩანს.
“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკების წარუმატებლობა ოპოზიციას დააბრალა, თუმცა წარუმატებელი მეორე რაუნდის მიუხედავად, საარჩევნო რეფორმის მიღება მაინც დააანონსა.
ვინ რას თმობდა და რატომ ვერ შედგა კომპრომისი – ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ფორტუნას” გადაცემაში „დღის თემა” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ უპასუხა.
დოლიძის განმარტებით, თუ საზოგადოება დააკვირდება იმ ფაქტს, თუ რა დრო დაუთმო კრისტიან დანიელსონმა მმართველ გუნდთან მოლაპარაკებას, ცხადი გახდება, თუ ვის ჰქონდა კომპრომისის მიღწევის დიდი სურვილი.
ჩაშლილი შეთანხმება – დანიელსონი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი წავიდა
დევიდ კრამერი და იან კელი მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირის კეთილშობილური, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგო ძალისხმევა აშშ-მა უნდა განამტკიცოს.
“ირაკლი კობახიძის განცხადებებზე თვალყურის დევნა და მის პასუხებზე დღის წესრიგის აწყობა ძალიან რთულია, თუმცა თუ შევხედავთ იმას, რა დრო დაუთმო ბატონმა დანიელსონმა “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციასთან შეხვედრას, რომელიც 8 პარტიისაგან შედგება, ეს ცხადყოფს, თუ ვისგან მოდიოდა კომპრომისის მიღწევის სურვილი.
რამდენიმე დღე და არაერთი საათი დაიხარჯა “ოცნებასთან” კონსულტაციებში, მაშინ როდესაც 8 პოლიტიკურ პარტიასთან დაიხარჯა სულ რაღაც საათნახევარი. ჩვენი მხრიდან ნაჩვენები იყო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა.
სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის არავითარი გეგმა და გამოსავალი არ ჩანს, ამას ნიშნის მოგებით არ ვლაპარაკობ, თუმცა ყველა სფერო და სექტორი რა თქმა უნდა, მეტწილად დამოკიდებულია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე”.- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში ბაჩო დოლიძემ.