წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა პრემია „საბა“ დასრულდა.
დაჯილდოება 21 სექტემბერს გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ლიტერატურული პრემია საბა 2022-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებმა აუდიტორიას სიტყვით მიმართეს, მათ შორის იყო თემო რეხვიაშვილი, რომელსაც ჯილდო გადაეცა ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში წიგნისთვის – „კურიერის ამბები”.
„მინდა, ეს ჯილდო სიმბოლურად მივუძღვნა ჩემს მშობლებს, ჩემს ემიგრანტ დედას და სხვა ემიგრანტ დედებს, რომელთა ნაწილი სწორედ ამ და სხვა პრობლემების გამო იმყოფება ემიგრაციაში, უმუშევრად დარჩენილ მამაჩემს და სხვა მამებს, რომლებიც ამ ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომით ცხოვრება შეუძლებელია, თავიანთ ადგილს ვერ იმკვიდრებენ.
რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ამ ქვეყანას – სადაც მედიკამენტების ხელოვნურად გაბერილი ფასები, ბანკების არანორმალურად მაღალი პროცენტი, შრომის კოდექსის უფუნქციობა და კიდევ მრავალი სხვა რამ გვაწამებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას.
მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება“, – თქვა თემო რეხვიაშვილმა.