LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩაირიცხებიან უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ის სპორტსმენები, რომლებიც ჩემპიონატებში ოქროს მედალს მოიპოვებენ – სამინისტროს განმარტება

328
განათლების სამინისტრო

„მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მათდამი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს, რადგან მათი შრომით მიღწეული უდიდესი გამარჯვებები, ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია,“ – ამ განცხადებით განათლების სამინისტრო სპორტსმენების უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონების და პრიზიორების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულებსა და ასევე, ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც შეეხებათ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები – ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან.

ხაზგასასმელია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანსა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და დასაფასებელია.

შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს, მათ შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით ხელშეწყობა ჰქონდეთ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის წინაშე მოხსენებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წარსდგა,“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყების ცნობით, სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ატესტატი
  • გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.