მომღერალ მალიბუ ტუღუშს, როგორც fortuna.ge-ს უმხელს საუბრისას, ყოველთვის სურდა, ბედი აშშ-ში ეცადა და იქ მუსიკალური კარიერის აწყობის სურვილით სამი თვის წინ გაემგზავრა.
ახლა უკვე ქართულ რესტორანში მღერის და ბავშვებს ვოკალში ამეცადინებს, თუმცა ჯერჯერობით მთავარ სურვილს ვერ აისრულებს და იქაურ მუსიკალურ კონკურსებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. მიზეზს თავად მოგვიყვება ინტერვიუში, რომელიც მასთან ჩავწერეთ.
მალიბუ, აშშ-ში გამგზავრება რატომ გადაწყვიტე? რა გეგმები უკავშირდება ამ ქვეყანას?
ამერიკაში სულ მინდოდა წამოსვლა, ბავშვობიდან გონებაში მიტრიალებდა. რომ იცი, რომ აუცილებლად უნდა წახვიდე… ზუსტად ეს იყო ჩემთვის ამერიკა. ამისთვის ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ აქ ჩამოვსულიყავი. მაქვს ვიზა. თავისუფლად შემიძლია აქაც და საქართველოშიც, მაგრამ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, დიდხანს გავჩერდები აშშ-ში, თუ მაინც დავბრუნდები საქართველოში. ჯერ ვფიქრობ.
წასვლის მიზანი მუსიკალური კარიერისთვის მიხედვა იყო.
ემოციური არ იყო საქართველოდან წასვლა?
დაახლოებით სამი თვეა, აქ ვარ. ძალიან ემოციური იყო, არის და იქნება. შეიძლება, გავიდეს არაერთი წელი და მაინც გადარდებდეს, რადგან შენი ქვეყანა საქართველოა. აქ მაინც ყველა უცხოა, ქართველი მაინც ქართველია, შენიანი მაინც – შენიანი. საქართველოში ჩემი ოჯახი, დედა დავტოვე. სრულიად მარტო ვარ აქ. მეგობარიც კი არ მყავს.
გავიცანი საოცარი ადამიანი, პიანისტი ლევან შენგელია. ჩავერთე მუსიკალურ ამბებში, რაც ძალიან მსიამოვნებს. ვმღერი ქართულ რესტორანში „იქს ფაქტორი“. ძალიან კარგი რესტორანია. საქართველოსთან შედარებით, აქ მაინც სხვა გარემოა. ძალიან მესიამოვნა აქ მუშაობის დაწყება. რომ გგონია, ძალიან შორს ხარ შენი ქვეყნიდან და ეძებ ემოციებს, რაც შენს ქვეყანაში გქონდა, ქართულ რესტორანში იწყებ სიმღერას და იგრძნობ, რომ შეიძლება მარტო აღარ ხარ, არიან ადამიანები, ვინც ძალიან თბილად დაგელაპარაკება… ნელ-ნელა ვეჩვევი ყველაფერს. ძალიან სჭირდება შეჩვევა, თუმცა იმავდროულად, საინტერესოა.
მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის მიღება არ გინდა?
ძალიან ბევრი კონკურსია და ამის სურვილი ნებისმიერ მომღერალს ექნებოდა, მაგრამ ეს სამომავლო ამბავია. ძალიანაც რომ მინდოდეს, ფიზიკურად ვერ შევძლებ. ამას სჭირდება სხვა საბუთები და მდგომარეობა, რაც ამ ქვეყანაში გაქვს.
რესტორანში სიმღერის გარდა, რა არის შენი შემოსავლის წყარო?
მუსიკაა ჩემი შემოსავალი – ბავშვებს ვამზადებ ვოკალში.
საქართველოში ჯერ არ დაბრუნდები ალბათ…
არა.
სხვა ქართველებთან, ლევანის გარდა, გაქვს ურთიერთობა?
გავიცანი უნიჭიერესი მუსიკოსები და ძალიან საინტერესო ადამიანები. ბევრი ქართველია აქ. აღმოვაჩინე, რომ საქართველოდან უამრავი ნიჭიერი და კარგი ადამიანია წამოსული, რაც რეალურად, ძალიან ცუდია.
საქართველოდან გულდაწყვეტილი ხომ არ წახვედი?
არა!.. ჩემმა ქვეყანამ მაქსიმალურად შემიყვარა. ამ სიყვარულს ყოველდღე ვგრძნობ. არანაირი გულისწყვეტა არ მქონია. მაინტერესებდა აშშ-ში წამოსვლა და აქ ბედის ცდა. ყველგან ყველაფერი ერთნაირად ვერ იქნება, მე კიდევ უფრო მეტი მინდოდა. საქართველოს აქვს ისეთი რაღაცები, რაც სხვა ქვეყანას ვერ ექნება.
დღეს ვფიქრობდი, წარმომიდგენია, ამერიკიდან საქართველოში რომ დავრბუნდები, როგორი შეგრძნება მექნება…
ინტერვიუ: ნინო მურღულია