საქართველოს ბაზარზე ხახვის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. მაღაზიებში 1 კილოგრამი ხახვის ფასი 5-8 ლარის ფარგლებში მერყეობს. როგორც ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, ფასის მატების მიზეზი არასათანადოდ განვითარებული ადგილობრივი წარმოებაა.
„ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ნაწილში იმპორტდამოკიდებულებას ორი მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოება არ არის სათანადო დონეზე და მეორე მხრივ, რა მოსავალიც მოგვყავს სეზონიდან სეზონამდე ვერ აღწევს, რადგან შემნახველი მეურნეობები არ გაგვაჩნია. ამან უნდა უზრუნველყოს თვითკმარობა. აქედან გამომდინარე, პერიოდულად გვიწევს იმპორტით განსაკუთრებით დიდი მოცულობების შემოტანა. ამ ეტაპზე მოხდა ასეთი რამ, მეზობელმა ქვეყნებმა, (რუსეთი, აზერბაიჯანი,თურქეთი) საიდანაც ხახვი შემოგვქონდა ექსპორტის შეზღუდვა მოახდინეს, რადგან ბაზარზე შეიქმნა დეფიციტი, ამან გამოიწვია ფასების მატება.
ჩვენგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებს მათზე მორგებული სასურსათო უსაფრთხოების ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ, რომ არ შეიქმნას ისეთი მდგომარეობა როგორც საქართველოში, როცა მომხმარებელს ერთ დღესაც 300%-ით გაუძვირდა პროდუქტი, გათვლილი აქვთ მარაგები და არეგულირებენ ექსპორტს და იმპორტსაც. საჭიროების შემთხვევაში, ზღუდავენ, ან უშვებენ. ჩვენთან ყველაფერი დინებაზეა მიშვებული. ერთ მშვენიერ დღესაც ქვეყნებმა სხვა ნებისმიერი პროდუქტის ექსპორტი რომ შეზღუდონ, მოხდება ის, რაც ხახვზე მოხდა. ასე იქნება იქამდე, სანამ ადგილობრივ წარმოებას არ განვავითარებთ“, – განაცხადა ბეჟიტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.
2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველომ მხოლოდ 5,5 ათასი ტონა ხახვი მოიყვანა, რაც 2006 წლიდან მოყოლებული (საქსტატის სტატისტიკის მიხედვით) ყველაზე მცირე რაოდენობაა. ყველაზე დიდი მოცულობით ხახვი საქართველოში 2010 წელს მოვიდა – 19 ათასი ტონა. მას შემდეგ კი წარმოება ფაქტობრივად, ყოველ წელს იკლებს.
ქვეყანაში ხახვის იმპორტი, ძირითადად, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან და ნიდერლანდებიდან ხდება.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“