LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაძვირდა პირბადეები საქართველოში და გვემუქრება თუ არა მათი დეფიციტი

898
Surgical-Mask-Effectiveness

გაძვირებული და თან, გამქრალი პირბადეები – თემა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად, ძალიან აქტუალური გახდა. პირბადეების საკითხი განხილვის თემად იქცა საქართველოშიც, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

სოციალურ ქსელში მომხმარებლების მხრიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააფთიაქო ქსელებში 1 ცალი პირბადის ფასი, რომელიც ადრე 15 თეთრი ღირდა, კორონავირუსის გამოჩენის პარალელურად, თითქმის 2 ლარამდე გაძვირდა.

სანამ იმ საკითხზე ვისაუბრებდეთ, არის თუ არა რეალურად ჩვენს ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი და მართლა მოიმატა, თუ არა ფასებმა, უნდა გავიგოთ, რა ხდება გლობალურ ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ პირბადეებზე გლობალური ბაზრის მოთხოვნის თითქმის ნახევარზე მეტი იწარმოებოდა ჩინეთში. შესაბამისად, კორონავირუსის ფონზე, აღნიშნული ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში პირბადეების ექსპორტი შეწყდა და შიდა მოხმარებისთვის მოხდა მარაგების და მიმდინარე წარმოების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობამ საზოგადოებას პირბადეების წარმოების 70%-იანი ზრდა დაუანონსა, ეს დანარჩენი სამყაროსთვის დიდი შვება არ იქნება, ვინაიდან, გაზრდილი წარმოების შედეგად დამზადებული პირბადეეები ისევ ჩინეთის მოსახლეობას მოხმარდება და მათი ექსპორტი არც კი განიხილება, ვიდრე ჩინეთში კორონავირუსის საკითხი ბოლომდე არ აღმოიფხვრება.

ბუნებრივია, ჩინელი მწარმოებლების მხრიდან ექსპორტის შეწყვეტამ და სხვა მსხვილი მწარმობლების მხრიდან, საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო დაკვეთების შესრულებამ, გამოიწვია პირბადეების გლობალური დეფიციტი. პირბადეების წარმოების კუთხით, ჩინეთის შემდეგ ლიდერ ქვეყანას აშშ წარმოადგენს, სადაც ანალოგიური სიტუაციაა. აღნიშნული ქვეყნიდან  შეწყდა სხვაგან ექსპორტი, ვინაიდან პირბადეები ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი არასაკმარისია.

პირბადეებზე მოთხოვნის მკვეთრად ზრდამ, გლობალურ ბაზარზე მათზე ფასების ზრდაც გამოიწვია და აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო მედია თითქმის ყოველდღიურად წერს. Forbes, foxnew, cnn ვრცელ სტატიებს უძღვნიან პირბადეების თემას და მკითხველებს რეკომენდაციებსაც აძლევენ. „თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები, იმისთვის რომ კორონავირუსისგან თავი დაიცვათ – მათ შეიძლება ინფექციის რისკიც კი გაზარდონ“,  „კორონავირუსისგან გამოწვეულმა შიშმა, პირბადეებზე ფასები გაზარდა“, „პირბადეები ვერ შეაჩერებს კორონავირუსს აშშ-ში, თუმცა მომავლის შიშმა გამოიწვია მათზე გაზრდილი მოთხოვნა, დეფიციტი და ფასების ზრდა“, – ამ შინაარსით გამოქვეყნებულ სტატიებში თქვენ ბევრს გაიგებთ, თუ რა ხდება გლობალურ ბაზრებზე პირბადეების რეალიზაციის კუთხით…

როგორც cnn და foxnew იუწყებიან, 1 ცალი სამფენიანი სრული დაფარვის პირბადის ფასმა 0.80 $-დან თებერვლის ბოლოს უკვე 2 $-ს მიაღწია და მიუხედავად ფასისა, პირბადეები მაინც დეფიციტშია მსხვილ სააფთიაქო ქსელებშიც კი ევროპასა და ა.შ.შ-ში. დეფიციტის გამო გარკვეულ ქალაქებში 1 ცალის ფასი 6-7 ევროსაც კი აღწევს.

რაც შეეხება საქართველოს, რომელიც გლობალური ბაზრის ნაწილია, პირბადეები დეფიციტურია ჩვენთანაც და ბუნებრივია, ფასების ზრდაც ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ პირბადეების დეფიციტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ამ შემთხვევაში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

ლოკალურ ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვისთვის, „ფორტუნა“ სააფთიაქო ქსელ „იმპექსს“ დაუკავშირდა, სადაც ნაწილობრივ ჯერ კიდევ შესაძლებელია პირბადეების შეძენა და პირბადეების გაძვირების მიზეზებზე ესაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში პირბადეების წარმოება არ ხდება, ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვა ქვეყნებზე, სადაც აღნიშნული პროდუქცია იწარმოება. ჩვენთან, პირბადეების იმპორტი ძირითადად ჩინეთიდან ხორციელდებოდა. იქ არსებული ვითარების გამო, ჩინეთმა შეწყვიტა ექსპორტი და ამიტომ, სააფთიაქო ქსელები დავრჩით იმ მარაგების იმედად, რაც გქონდა. ეს მარაგები საერთაშორისო ბაზარზე კორონავირუსის გავრცელების საშიშროების დაანონსებისთანავე ამოიწურა და შემდეგ უკვე მოგვიხდა პირბადეების შემოტანა სხვა ქვეყნებიდან… მოგეხსენებათ, რომ პირბადეები არსებობს ერთფენიანი, ორფენიანი და სამფენიანი. პირადად „იმპექსის“ მაგალითზე რომ გითხრათ, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ იყო ერთფენიანი პირბადეების მარაგი და არ იყო მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი 3 ფენიანი სრული დაცვის პირბადეები, მეზობელი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი და თურქეთი) ეტაპობრივად შემოვიტანეთ მხოლოდ სამფენიანი პირბადეები. რაც შეეხემა მათ ღირებულებას, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მწარმოებელ ქვეყნებშიც კორონავირუსის გავრცელების რისკის ზრდის გამო, მათზე დეფიციტია, მოგვიწია ამ პირბადეების მეზობელი ქვეყნებიდან მაღალ ფასად შეძენა, რადგან გაიზარდა მათი ბაზრიდან აზიელი და ევროპელი შემსყიდველების მხრიდან შესყიდვის მოთხოვნა. შესაბამისად, ამან ლოგიკურად გამოიწვია ეტაპობრივად პირბადეების ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზეც. ამ ეტაპზე, სამფენიანი პირბადეების მარაგიც იწურება ჩვენს ქსელში და ვცდილობთ, ახალი კონტაქტები მოვიძიოთ, ვნახოთ ახალი ბაზრები, საიდანაც შევძლებთ შემოვიტანოთ სრული დაცვის პირბადეები ქართულ ბაზარზე… ჩვენ, ასევე, ჩვენს მომხმარებელს პირბადეების სწორად და მიზნობრივად გამოყენების რეკომენდაციას ვაძლევთ ავადმყოფობის კონტროლისა და პრევენციის ცენტრალური ოფისის მიხედვით,” – აცხადებს სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსდა, რომ შესაძლოა საქართველოში პირბადეების ადგილობრივი წარმოება ამოქმედდეს, რაც აღმოფხვრის პირბადეების დეფიციტს  და მოახდენს ფასების დარეგულირებას. დამატებით, მსოფლიო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შემცირდება, რაც გლობალურად პირბადეებზე მოთხოვნას დაარეგულირებს და აღნიშნული მათ საბაზრო ფასზეც აისახება.

რჩევები პირბადის მოხმარებისას:

ავადმყოფობის კონტროლისა და პრევენციის ცენტრალური ოფისის თანახმად, პირბადეების გამოყენება ჯანმრთელი ადამიანისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ხდება ხშირი კონტაქტი სახესთან, რაც ზრდის ვირუსით დაინფექცირების რისკს. პირბადის გამოყენება არის რეკომენდებული მხოლოდ მათთვის, ვინც არის ვირუსით დაინფიცირებული, ან ვისაც უშუალო კონტაქტი აქვს ავადმყოფთან. მეტი ეფექტიანობისთვის, პირბადე სწორად უნდა გაიკეთოთ – ის სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს. პირბადე უნდა იცვალოთ ხშირად, მინიმუმ ორ საათში ერთხელ. ერთი და იგივე პირბადე არ უნდა გამოიყენოთ რამდენჯერმე, გამოყენების მერე უნდა გადააგდოთ ნაგვის ურნაში და დაიბანოთ ხელები საპნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები