LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მოკლეს გიგა ოთხოზორია: დაისჯება თუ არა დამნაშავე – იმედი სულ უფრო ცოტა რჩება

616
giga rashidi

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა.

ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ.

ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველები ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა.

არსებობს მკვლელობის კადრებიც. ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეომასალაში ჩანს, როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროები.

სამხედროები გიგა ოთხოზორიას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ შემდეგ კი საკონტროლო გასროლა თავის არეში განახორციელეს და უკან დაბრუნდნენ.

 

 

თუმცა დამნაშავე ამ დრომდე დასჯილი არაა. დამნაშავე ცნობილია, ის არის  ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლი.

2017 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

 

 

ქართულმა მხარემ მოითხოვა მისი გადმოცემა, თუმცა უშედეგოდ.

მაშინ აფხაზური გამოცემები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა.

 

 

ტრადიცია არც წელს დარღვეულა. გიგა ოთხოზორიას საფლავს ყოველი წლის 19 მაისს ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები ყვავილებით ამკობენ.

წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად მივიდა.

„საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას, რომლის დასრულებისთვის, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფისთვის, ნამდვილად სრული შემართებით და ძალისხმევით ვაგრძელებთ მუშაობას.

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას დედას, მეუღლეს, შვილებს და ვუთხრა, რომ ნამდვილად სახელმწიფო არასდროს დაივიწყებს საკუთარ გმირებს“. –  ამბობს სახელმწიფო მინისტრი.

ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი :

“დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.

ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.” – წერს ღარიბაშვილი.

დამნაშავის დასჯის იმედს ოჯახის წევრები ამ დრომდე არ კარგავენ.

თუმცა, იმედი ყოველწლიურად სულ უფრო ცოტა რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები