LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ურჩიეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ნათია დუმბაძეს ექიმებმა რამდენიმე თვე ალკოჰოლისგან თავის შეკავება

448
dumbo201210

ნათია დუმბაძემ კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა დღემდე ებრძვის ამ დაავადებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს, მაგალითად, ნევროზს. „ვამჩნევ, რომ უფრო ადვილად მეცვლება განწყობა, ვიდრე აქამდე იყო“, აღნიშნავს მომღერალი ჩვენთან საუბრისას და საინტერესო დეტალს გვიმხელს, რაც რამდენიმე ექიმისგან რეკომენდაციის სახით მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებით.

ნათია დუმბაძე:

კორონავირუსი პირველ ნოემბერს დამიდასტურდა და გამიგრძელა ორი კვირა. მეათე დღეს უკვე ვიგრძენი გამოჯანმრთელება, მე-16 დღეს გავედი სახლიდან, სრული 16 დღე თავიდან ბოლომდე ვიყავი სახლში ერთი დღის გარდა, როდესაც კლინიკაში მომიწია წასვლამ.

შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი არ მქონდა მარტივად, რადგან მაწუხებდა სუნთქვის უკმარისობა, უჟანგბადობა, დაღლილობა. კონკრეტულად ეს სიმპტომები ოთხ-ხუთი დღე მაწუხებდა. ოჯახის ექიმს ვუკავშირდებოდი და მისგან ვიღებდი კონკრეტულ რეკომენდაციებს, რა უნდა გამეკეთებინა. ვსვამდი დე და ცე ვიტამინს. სიცხის დასაწევად ვიღებდი წამალს, მაგრამ მაინც არ იწეოდა. ასევე მაწუხებდა წელისა და კუნთების ტკივილები და ვსვამდი ტკივილგამაყუჩებელს.

კლინიკაში რატომ მოგიწია წასვლამ?

ერთი დღით ვიყავი ანალიზებზე, კატე გადავიღე, მეორე დღეს გამომიშვეს.

მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდი, თუ დაგრჩა რაიმე სიმპტომი?

დამრჩა სისუსტე და ჩემ შემთხვევაში ამ ვირუსმა პირდაპირ ნერვებზე იმოქმედა. მარტივად ვღიზიანდები და ვატყობ, რომ ნერვები არ მაქვს მწყობრში. ახლა მივხვდი, რას ნიშნავს ნევროზი.

ერთგან საინტერესო რამ გეწერა, რომ ექიმისგან მიიღე რეკომენდაცია, შეზღუდო ალკოჰოლი ორი-სამი თვე.

რამდენიმე ექიმმა მირჩია ეს. მიყვარს ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევა. მირჩიეს, რომ რამდენიმე თვე ეს არ არის რეკომენდებული. თავადაც არ მაქვს ამის სურვილი, რადგან მინდა, ფხიზლად ვიყო. ზოგადად, ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ, შემდეგ კორონას გადატანამ ისედაც იმოქმედა განწყობაზე. დამემატა ის, რომ არის უმუშევრობა, უკონცერტობა და ისედაც სტრესი მაქვს, ალკოჰოლის დალევამ თავის ტკივილი იცის, რასაც კორონა ისედაც ტოვებს. ორგანიზმს სჭირდება სრული ექვსი თვე, რომ სრულად გამოვიდეს მდგომარეობიდან ამ ვირუსის შემდეგ. ნახევარი წელი ისე ვუფრთხილდები ჩემს თავს, რომ ალკოჰოლი კი არა…

ვარჯიში ხომ არ დაიწყე?

მინდა, მაგრამ ძალა არ მაქვს ჯერჯერობით კიბეზე ასვლისას გული მივარდება. ნევროზთან ერთად, გულის აჩქარება დამიტოვა, რაც მალე დაღლასაც უკავშირდება.

შემოქმედებითად აკეთებ რამეს?

ახლა ვერაფერს ვაკეთებ, ახალი არაფერი ჩამიწერია, საახალწლო გადაცემისთვის ვემზადებით, ვრეპეტიციობთ და ატელიეებში მოზომებაზე ვართ. საახალწლოდ ბევრ გადაცემაში ვმონაწილეობ, ზოგი 31 დეკემბერს გავა, ზოგი შობას, ზოგი 14 იანვარს.

მახსოვს, რომ გქონდა ახალი სიმღერა…

მაქვს სიმღერა ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად, რომელიც ამავე ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის. ახალი სიმღერის ჩაწერას ვაპირებთ საახალწლოდ. იმედია, არაფერი შეგვიშლის ხელს, მაგალითად, კორონა… ყველასთვის ძალიან მძიმე წელია…

სტრესს როგორ ებრძვი?

ძილის წინ ვსვამ მცენარეულ დამამშვიდებელს მხოლოდ. მალე გადაგივლისო, ასე მეუბნებიან. ძალიან ემოციური ვარ და როგორც ჩანს, ამიტომ იმოქმედა ასე.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები