იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ კორონავირუსი აღარ გაქვთ, განმეორებითი პისიარტესტი არ კეთდება.
როდის შეიძლება დამთავრდეს კოვიდინფიცირებულის თვითიზოლაცია, რომელიც შინ გადიოდა მკურნალობას და რეალურად როდის შეიძლება, ჩათვალოს პაციენტმა თავი გამოჯანმრთელებულად, ამ კითხვებით „ფორტუნამ“ ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.
თუ ადამიანს დაუდასტურდა ტესტით კორონა და კლინიკური სიმპტომები საერთოდ არ არის და არის მხოლოდ უსიმპტომო პაციენტი, 10 დღის შემდეგ უკვე შეუძლია დაარღვიოს იზოლაციის პრინციპები. ის გადამდები არ არის და გარშემომყოფებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ანალიზის განმეორება არ სჭირდება. ეს პრობლემა მოხსნილია უკვე ზაფხულის შემდეგ. კორონავირუსზე განმეორებითი ანალიზი არ კეთდება არც ერთ ქვეყანაში.
რა ხდება სიმპტომიანი პაციენტის შემთხევაში?
თუ არის სიმპტომებიანი პაციენტი, ამ შემთხვევაში 10 დღე პლუს 3 დღე უნდა იყოს თვითიზოლაციაში. ოღონდ ბოლო სამი დღე სიცხის დამწევის გარეშე უსიცხოდ უნდა იყოს. ანუ 13 დღე უნდა იყოს თვითიზოლაციაში. ანალიზების განმეორება არც აქ გვჭირდება.
თუ პაციენტი არის კლინიკაში და სუსტი იმუნიტეტი აქვს, მაშინ შეიძლება ეს ყველაფერი 20 დღეზე დიდხანს გახანგრძლივდეს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, სახლის პირობებზე, უსიმპტომო უნდა იყოს თვითიზოლაციაში 10 დღე, სიმპტომებიანი 13 დღე, ოღონდ სამი დღე უნდა იყოს სიცხის გარეშე.
რატომ შეიძლება იყოს უსიმპტომო პაციენტების გამოჯანმრთელების შემდეგ ტესტის პასუხი დადებითი?
ვირუსის ნარჩენები შეიძლება აღმოვაჩინოთ 1 წლის შემდეგაც. ამას ვაბუქებ, მაგრამ 2-დან 3 თვემდე მაინც დიდი ალბათობით პისიარ ტესტის გაკეთების შემთხვევაში პასუხი დადებითი იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, ადამიანი გადამდებია. ვირუსის ნარჩენიდან ინფექცია არ ემართებათ. გრიპი რომ დაგვემართება და გამოვჯანმრთელდებით, კიდევ ხომ არ ვიკეთებთ მერე ანალიზს. გამოჯანმრთელების შემდეგ ვირუსი უნდა ამოვიგდოთ ტვინიდან.
ვინც შინ გადის მკურნალობას, არის ნივთი, რასაც უნდა შეელიოს გამოჯანმრთელების შემდეგ?
ყოფილმა პაციენტმა არაფერი არ უნდა გადააგდოს. მხოლოდ ზედაპირები უნდა დამუშავდეს იმ ოთახში, სადაც იმყოფებოდა. სპირტიანი ან ქლორიანი ხსნარით უნდა გაიწმინდოს ყველაფერი. არაფერი გადასაგდები არაა, არც კბილის ჯაგრისი და არც საპონი. ის შენია და შენი უნდა დარჩეს.