LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ელოდება ნატო გელაშვილი პირველი შვილიშვილის დაბადებას და რა უყიდა აშშ-ში მოგზაურობისას – გიორგი ჭოხონელიძე და ანეტა ნიკურაძე პირველი შვილის მოლოდინში

17072
ჭოხონელიძე

გიორგი ჭოხონელიძე და ანეტა ნიკურაძე პირველ შვილს ელოდებიან. მოსიყვარულე წყვილი ერთად გადავიღეთ და ექსკლუზიურად fortuna.ge-სთვის ჩავწერეთ. ჩვენს საუბარში ჩაერთო ნატო გელაშვილიც, რომელიც ახლახან დაბრუნდა აშშ-დან და შვილიშვილისთვის საჩუქრები ჩამოიტანა.

გიორგი, ახლახან აღნიშნეთ ქორწინების ერთი წლის იუბილე… როგორი იყო ეს ერთი წელიწადი?

გიორგი:

ქორწინების ერთი წელი ძალიან დახუნძლული იყო, რადგან ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ გავიარეთ: ერთად ცხოვრება, ბავშვის ამბავი, ძალიან ბევრი რამ… სიმბოლურად აღვნიშნეთ – სადაც ქორწილი გვქონდა, იმ ადგილას ავედით და რომანტიკული ვახშამი მოვიწყვეთ. ანეტა ვერ სვამდა, რადგან ორსულად იყო, მე ვცდილობდი ამ დანაკლისის შევსებას (იღიმის). რაღაცები გავიხსენეთ და გემრიელი ვახშმის შემდეგ სახლში დავბრუნდით.

ანეტა:

მე ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პიროვნულად ძალიან გავიზარდეთ, უფრო მეტად დავმეგობრდით და უფრო მეტი ცხოვრებისეული მიზანი დავისახეთ. ვფიქრობთ, როგორ საინტერესოდ უნდა გავატაროთ ერთად წლები.

 

რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ თანაცხოვრების დროს? 

გიორგი:

მე აღმოვაჩინე სიყვარულის ახალი საფეხური – როგორ შეიძლება უყვარდე ადამიანს, პატივისცემა და ერთგულება. კიდევ ბევრი კარგი თვისებაა, მაგრამ ამ სამს გამოვფყოდი. მზრუნველობა და ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანია.

ანეტა:

მე ვიტყოდი უფრო მეტად მზრუნველობაზე, რადგან არ მეგონა, ასეთი მზრუნველი თუ აღმოჩნდებოდა. განსაკუთრებით ორსულობაში სულ თავზე დამფოფინებს.

ანეტა, როგორი ორსულობა გაქვს? გიორგი როგორ განებივრებს?

გიორგი:

არაფერს არ ვიკლებთ (იცინიან). მერე ბუნებამ გაგვაჩერა, მიგვანიშნა, მთლად ასეც არ შეიძლებაო…

ანეტა:

ხუთ თვემდე ისე ვიცხოვრე, რომ ჩემი თავი ორსული არ მეგონა, მერე ცოტა შეზღუდვები დავიწესე.

გიორგი:

ახლა ცდილობს, თავი არ დაიტვირთოს, მაგრამ ახლა ბევრად წყნარად მივდივართ წინ.

ანებივრებ მეუღლეს?

რომ გითხრა, რომ ვარ მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებულად ანებივრებს მეუღლეს, ასე არ არის ნამდვილად. ჩემი განებივრება ისაა, რომ ვზრუნავ, ანეტა ძალიან არ დაიღალოს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ანეტას ღამე მოუნდა მჟავე კიტრი და იმდენი გამოვუძახე, რომ მას მერე მჟავე კიტრი არ უთხოვია. არც უჭამია. სხვათა შორის, კარგი გამოცდილებაა და შეუძლიათ გაითვალისწინონ სხვა წყვილებმაც, ვინც შვილს ელოდება. შეიძლება, ორსულს რაღაც მოუნდეს და რომ მოუტან, მერე აღარ მიირთვას.

 

გიორგი, დედა, ნატო გელაშვილი როგორ ელოდება შვილიშვილის დაბადებას? 

გიორგი: 

ჯობია, ეს ნატომ თავად გითხრათ…

ნატო:

აი, როგორი კითხვაა ახლა ეს?! როგორ ველოდები და გიჟივით. მარტივია ეს ამბავი. ბევრი უნდა ვბურჯგნო. გავამზითვე ნულიდან ერთ წლამდე, იმდენი საჩუქარი ჩამოვუტანე ამერიკიდან. ვერაფერს ვხედავდი სხვას, მარტო მისთვის საჭირო ნივთებს ვხედავდი.

როგორი შეგრძნებაა ბებიობის მოლოდინი?

საოცრება იქნება ალბათ…

აპირებთ, რომ დაეხმაროთ გაზრდაში?

რას ჰქვია? ჩემი ნაწილია. ჩვენ ყველა ერთად გავზრდით. ჩვენს ოჯახში ხომ ტრადიციაა, ძალა ერთობაშია.

 

გიორგი:

ჯერ ვერ ვიაზრებთ ვერც ერთი.. რომ დავინახავთ და აღვიქვამთ, სხვანაირ ფიქრს, მზრუნველობას და სიყვარულს მივცემთ.

თქვენს ხელში მომღერალი გამოვა ალბათ… 

დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ დაძალებას არ ვაპირებთ. ამით არაფერი გამოვა. თუ შინაგანად ექნება ეს და ნიჭიც, მაშინ კი ბატონო.

როგორც ვიცი, გიორგის ძმა, ლუკა ძალიან ხშირად არის ხოლმე თქვენთან ერთად. ანეტა, როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან? ხშირად გაქვთ ოჯახური საღამოები? 

ანეტა:

სანამ ცალკე ვცხოვრობდით მე და გიორგი, ლუკა ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ახლა ნატოსა და ლუკასთან გადმოვედით და ყველა ერთად ვცხოვრობთ. ლუკას ძალიან უყვარს ჩვენთვის საინტერესო ფილმების, წიგნების გაზიარება. ძალიან გვიყვარს კამათი და საუბრები, გვაქვს ინტელექტუალური ურთიერთობა, ვსწავლობთ, ვიწვრთვნებით ერთმანეთთან ურთიერთობაში. მე სხვა დამოკიდებულება მაქვს ლუკას მიმართ – მას მეგობრად მივიჩნევ, რომელთანაც შეიძლება, ისეთი რაღაც ვთქვა, რასაც გიორგისთან ვერ ვიტყვი. სულ ვსაუბრობთ, რჩევებს ვუზიარებთ ერთმანეთს.

გიორგი:

მეც იგივე დამოკიდებულება მაქვს ანეტას დას სახით. მეც შევიძინე და და ლუკამაც.

ანეტა: 

ვხუმრობ ხოლმე, ლუკას სახით მამამთილი მყავს-მეთქი. ზოგჯერ ისეთი სახით იცის ხოლმე რაღაცის თქმა, ხუმრობით, რა თქმა უნდა.

ვიცი, რომ პატარას მის სახელს არქმევთ… როგორ შეხვდა ამ ამბავს?

ვიცი, რომ ძმებს ბავშვობიდან ჰქონდათ ეს შეთანხმება, შვილებისთვის ერთმანეთის სახელები დაერქმიათ.

გიორგი:

მხოლოდ პირობის თემა არ არის. ძალიან დიდი სურვილი იყო. ჯერჯერობით პირველი ნაბიჯი მე გადავდგი და ლუკას ნაბიჯიც ვნახოთ მერე.

 

ანეტა:

ძალიან ემოციური იყო ორივესთვის სქესის გაგება, ლუკასთვისაც ძალიან სასიხარულო იყო, ბიძა უნდა გავხდეო…

ანეტა, ახალი წელი მოდის და ვიცი, რომ ნატოსგან გოზინაყის რეცეპტი შენს ხელში გადმოვიდა. აპირებ მის მომზადებას?

ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რადგან ისეთი რეცეპტია, ნატოს გარეშე წარმოუდგენელია მისი გაკეთება. ერთად ვიფუსფუსებთ და დროთა განმავლობაში უფრო კარგად ვისწავლი. ამ კვირაში მისგან სალათის მომზადებაც ვისწავლე. ნატო ისეთი ადამიანია, შეუძლებელია, ყოველდღე მისგან რაღაც ახალი არ ისწავლო. მთავარია, ამის სურვილი გქონდეს და სურვილი ძალიან დიდია.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები