როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რა თრგუნავს იმუნურ სისტემას და როგორ დავიცვათ თავი სხვადასხვა ვირუსებისგან.  ყველაზე აქტუალურ თემებზე ,,ფორტუნასთან” საუბრობს ,,ჯეოჰოსპიტალსის”  მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო  ცენტრის დირექტორი ბაკა თავხელიძე.

გარემოში ძალიან ბევრი ვირუსი და ბაქტერიაა. თუმცა ჩვენ ყოველთვის არ გვემართება ის დაავადება, რომელსაც ისინი იწვევენ. ალბათ ყველას გვქონიათ შემთხვევა, როცა ოჯახის ერთი წევრს ვირუსი აქვს და გადასდებს რამდენიმე სხვა წევრს, მაგრამ რომელიმე „იღბლიანი“ არ ხდება ავად. რაშია საქმე? გაუმართლა?

არა მხოლოდ!

ჩვენ დაავადებებისგან გვიცავს იმუნური სისტემა, რომელიც 24/7 „ჩართულია“ და ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებს. ის არასდროს ისვენებს და ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

იცოდით, რომ თქვენც შეგიძლიათ მასზე იზურნოთ? დიახ, ასეა. ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ მას, რომ შემდეგ მან ისევ ჩვენ გაგვიწიოს სასარგებლო სამსახური.

როგორ დავეხმაროთ იმუნურ სისტემას?

სამწუხაროდ არ არსებობს ისეთი მედიკამენტი ან საკვები, რომლის მიღებით ჩვენ იმუნიტეტს უცბად „ამოვქოქავთ“. ერთადერთი გზა, რომ იმუნური სისტემა მწყობრში და გამართული გვქონდეს, არის ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ვიცი გაგეცინებათ, თითქოს გაცვეთილია ეს თემა. თუმცა, ჩემი აზრით, დეკლარირებულად ყველა ვხვდებით ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობას, მაგრამ ფაქტობრივად ხშირად უგულვებელყოფილი გვაქვს.

კვება და ვიტამინები: ალბათ გვსმენია, რომ ვირუსული დაავადების პროფილაქტიკისთვის ადამიანები ვიტამინებს ღებულობენ. კვლევევი ადასტურებს, რომ თუ ადამიანი ჯანსაღად და დაბალანსებულად იკვებება, მას აღარ სჭირდება გარედან ვიტამინების მიწოდება მედიკამენტების სახით. უცნაური და სრულიად ამოუცნობი ფენომენია, რომ საკვებთან ერთად მიღებული ვიტამინები გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ლაბორატორიაში სინთეზურად მიღებული აბები. ამიტომ, ვიკვებოთ ჯანსაღად, მივიღოთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი ბუნებრივი სახით, შევამციროთ შაქრის და მისი პროდუქტების რაოდენობა რაციონში და აღარ დაგვჭირდება წამლები, რომლებსაც უამრავი გვერდითი ეფექტი აქვს.

ძილი: ძილი აუციელებელია იმისთვის, რომ ორგანიზმმა გამართულად იფუნქციონიროს. ის საკვანძოდ მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. უძილობა, გარდა იმისა, რომ თავად იწვევს სხვადასხვა დაავადებას, ასევე ასუსტებს ჩვენს იმუნურ „ჯარს“ და ორგანიზმს უმცირებს დაავადებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს. ცნობილია, რომ ძილის განმავლობაში ორგანიზმში გამომუშავდება იმუნური T უჯრედები, რომლებიც „მუშაობენ“ უცხო აგენტის აღმოჩენაზე და ააქტივებენ იმ უჯრედებს, რომლებიც ებრძვიან შემოჭრილ „მტერს“. კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებსაც დღე-ღამეში 7 საათზე ნაკლები სძინავთ 3-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან ვირუსული ინფექციებით ავად, ვიდრე ისინი, ვისაც სძინავს 8 და მეტი საათი.

სტრესი: სტრესი და ნერვიულობა სისხლში ამცირებს თეთრი ნაწილაკების, ლეიკოციტების რაოდენობას, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება ინფექციასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ ადაიანებს არ გვაქვს სტრესთან გამკლავების ეფექტური ინსტრუმენტები, თუმცა ბევრი რამ მაინც ჩვენზეა ხოლმე დამოკიდებული. ვიფიქროთ პოზიტიურად, მოვერიდოთ ადამიანებს, ვინც გვთრგუნავს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევუმსუბუქოთ სირთულეები.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ჩენ გვაქვს აქტიური ინსტრუმენტი, რომ შევამციროთ სტრესით გამოწვეული მავნე ზემოქმედება. ეს არის ფიზიკური აქტივობა.

ფიზიკური აქტივობა: ვარჯიში, სიარული, ცურვა, სეირნობა, იოგა და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა პრაქტიკულად მყისიერად აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას. ამიტომ, ყოველდღიური ვარჯიში ძალიან დაგვეხმარება დაავადებების პრევენციაში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვარჯიშსაც აქვს თავისი გონივრული ზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის ძლიერი გადაძაბვით, შეიძლება სრულიად საპირისპირო ეფექტი მივიღოთ. ივარჯიშეთ ზომიერად. თუ თქვენ პროფესიული სპორტით ხართ დაკავებული, აუცილებელია ვარჯიში და მისი ინტენსივობა შეთანხმებული იყოს თქვენს მწვრთნელსა და ექიმთან.

მაშასადამე, ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმუნურ სისტემას, რომ შემდეგ ის დაგვეხმაროს ჩვენ .

გისურვებთ ჯანმრთელობას

ბაკა

 

 

 

მსგავსი თემები