ტყვიის შემცველ სამშენებლო მასალებზე, საკვებ თუ სხვა სახის პროდუქტებზე რადიო „ფორტუნამ“ ვრცელი მასალა უკვე შემოგთავაზათ, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რატომ არის საშიში ტყვიის დიდი რაოდენობა, როგორ და საიდან შეიძლება მოხვდეს ის თქვენს ორგანიზმში და რა პრობლემებს იწვევს. ასევე „ფორტუნამ“ კონკრეტულ პროდუქტებზეც მოგაწოდათ ინფორმაცია, რა შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ტყვიას. 

დღეს კი ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია, როგორ დავიცვათ თავი ტყვიისგან, რომელი საკვები პროდუქტები მივირთვათ ყოველდღე, რომ გარემოდან, სამშენებლო მასალებიდან, პლასტმასის ნივთებიდან ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ტყვია აღარ გავრცელდეს.

რადიო „ფორტუნა“ ამერიკის კვებისა და ენდოკრინოლოგიის აკადემიის ინფორმაციას დაეყრდნო, რომელიც ერთგვარი რეკომენდაციების სახით გვთავაზობს ტყვიასთან ბრძოლის გზებს საკვები პროდუქტებით. სანამ ჩამონათვალს გაგაცნობთ, მანამდე ამავე აკადემიის ზოგად რჩევებს გაგიზიარებთ:

  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები და დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილებმა ჭამის წინ ხელები დაიბანეს
  • რეგულარულად გაწმინდეთ სათამაშოები, იატაკი, ფანჯრის თაროები და ზედაპირები შესაბამისი საწმენდი საშუალებებით
  • ფეხსაცმელი გაიხადეთ სახლში შესვლისთანავე
  • თქვენი სახლი შეამოწმებინეთ შესაბამის ორგანოებს ტყვიის შემცველობაზე, თუ ის 1978 წლამდეა აშენებული


ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ იმაში, რომ ორგანიზმში მოხვედრილი ტყვია არ შეიწოვოს, არ გავრცელდეს და განეიტრალდეს

რადიო „ფორტუნა“ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალს გთავაზობთ, როგორ ებრძოლოთ ტყვიას, ზოგადად კი გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მენიუ დიდი რაოდენობით კალციუმს, რკინას და С ვიტამინს უნდა შეიცავდეს.

კალციუმი აძლიერებს ძვლებს და გამოდევნის ტყვიას, კალციუმით მდიდარია:

  • რძე და რძის პროდუქტები (იოგურტი და ყველი)
  • მწვანე ბოსტნეული (მაგ. ყვავილოვანი კომბოსტო, ბოლოკი)
  • კალციუმით მდიდარი საკვებია ფორთოხლის წვენი, სოიოს რძე და ტოფუ
  • ორაგული

რკინა ბლოკავს ტყვიის შეწოვას, ამიტომ აქცენტი გააკეთეთ რკინის შემცველ პროდუქტებზე:

  • წითელი ხორცი
  • მარცვლეული, პური და მაკარონი
  • გამომშრალი ხილი (ქიშმიში, შავი ქლიავი)
  • ბარდა და ოსპი

ვიტამინი С ორგანიზმს რკინის შეწოვაში ეხმარება:

  • ციტრუსები (ფორთოხალი, გრეიფრუტი)
  • სხვა დასახელების ხილი, მაგ. კივი, მარწყვი და ნესვი
  • პომიდორი
  • კარტოფილი
  • წიწაკა

ამერიკის კვებისა და ენდოკრინოლოგიის აკადემია ასევე გთავაზობთ მარტივ მენიუს, რომელიც ტყვიასთან ბრძოლისთვის საჭირო პროდუქტებს შეიცავს:

  • საუზმე: მარცვლეული (მაგ. ბრინჯი) ნაკლებცხიმიან რძეში, მოაყარეთ ქიშმიში
  • სნექი (წასახემსებელი): ფორთოხლის ნაჭრები
  • ლანჩი: ხორცის ჰამბურგერი, რკინით მდიდარ წიწაკასთან ერთად
  • სნექი: ნაკლებცხიმიანი ან უცხიმო იოგურტი ხილთან ერთად
  • სადილი: ქათამი ყავისფერ ბრინჯთან, ისპანახის სალათთან და ჭიქა ნაკლებცხიმიან (უცხიმო) რძესთან ერთად
  • სნექი: არაქისის კარაქი მარცვლეულის პურთან ერთად

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები