LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს არ სცემს და ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს: ღარიბაშვილი

124
ირაკლი-ღარიბაშვილი

“პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მიმართებაში ძვრა არ გვაქვს და ეს საკმაოდ რთული საკითხია.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა “პირველ არხის” ეთერში რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს და ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის მკვლელობა, საქართველოს ხელისუფლებას კი ამ ყველაფერზე მყისიერი რეაგირება აქვს:

“პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ არავითარი პროგრესი არ გვქონია. მდგომარეობა უცვლელია, გვაქვს სტატიკური მდგომარეობა, ეს სტატუს-კვო შენარჩუნებულია და ოკუპაციასთან მიმართებაში რაიმე ძირეული ცვლილება არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს იმ გამოწვევასთან გამკლავება, რომელიც უკავშირდება ე.წ ბორდერიზაციას და მავთულხლართების ინსტალაციას, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების გატაცებას.

არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის მკვლელობაც დაფიქსირდა და ბუნებრივია, ჩვენ ამ ყველაფერზე მყისიერი რეაგირება გვაქვს და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, მაგრამ პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მიმართებაში ძვრა არ გვაქვს და ეს საკმაოდ რთული საკითხია.

რუსეთთან მიმართებაში ჩვენი მთავარი პრეტენზია თუ მთავარი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი ჩვენს ურთიერთობებში.” – თქვა ღარიბაშვილმა.

საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა ჟენევის ფორმატზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დეოკუპაცია თავისით ვერ მოხდება და ამას კომპლექსური, მრავალმხრივი მუშაობა სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები