LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მხრიდან არც ერთი ასეთი შექება და რევერანსი საქართველოს ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს: თალაკვაძე კარასინის განცხადებას ეხმიანება

128
არჩილ თალაკვაძე

ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმიანება რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთს   დასავლეთის სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია შეუმჩნეველი არ დარჩენია და რომ ორი ქვეყნის ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა აქვს და რუსეთის მხრიდან არც ერთი შექება, არაფერს ნიშნავს:

“როცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები კეთდება, ამას საქართველოში პირველი ყოველთვის ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე “ნაციონალური მოძრაობა” –  რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები.

მე მოველი, რომ ამ განცხადების შემდეგ უკვე “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მართული მედია იქნება გატაცებული ამ საკითხით და ძალიან ბევრ განცხადებებს გააკეთებენ, სინამდვილეში არც ერთი ასეთი შექება, არც ერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავის ტერიტორიების დეოკუპაციას მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით.

პირველ რიგში რაც შეეხება უკრაინას, საქართველო დგას უკრაინის გვერდით, ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორმატში, იყო ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაკავშირებული სარჩელი, იყო ეს ის რეზოლუციები, რომელიც მიღებული იქნა დასავლეთის მიერ და რა თქმა უნდა, საქართველო არის ნაწილი ყველა იმ ძირითადი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იღებენ”, – თქვა მან.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების თითოეული პოლიტიკური გადაწყვეტილება საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით არის კოორდინირებული და თანხმობაშია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან:

“სწორედ ამიტომ არის, რომ აშშ-ის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებით.

სხვა განცხადებებს ჩვენ ვხედავთ იმ ოთახებში და იმ მედიებში, სადაც იკრიბება “ნაციონალური მოძრაობა” თავის სატელიტებთან ერთად, გვესმის, რომ ეს არის ყველაზე მთავარი სურვილი ჩვენი ყველაზე რადიკალური ოპოზიციის, რომ როგორმე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი დააზიანონ. მათ მინდა მივმართო – ტყუილებით, მოკლევადიანი ეფექტებით საქართველოს წინსვლას და თანამშრომლობას ხელს ვერ შეუშლიან, ეს ომი აუცილებლად დასრულდება, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან იქნება არსებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის”, – თქვა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე დიმიტრი ლორთქიფანიძის რუსეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და “ქართულ ოცნებას” არავითარი კავშირი არ აქვს ამ შეხვედრასთან:

“ჩვენი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ამ ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ვთვლით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობა, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საექსპერტო წრეების მხრიდან, მიზანშეწონილი არ იყო”, – თქვა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 მარტს მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა გაიხსნა. 

შეხვედრაში მონაწილეობდა 40-მდე ექსპერტი, პოლიტოლოგი და მეცნიერი, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინიც შეხვდა, რომელმაც განაცხადა:

“პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს. არსებული ურთიერთობა ურთიერთდახმარებით ხასიათდება. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხისადმი მშვიდ მიდგომას. ვინც სამართლიანად გვეპყრობა და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება”, – თქვა კარასინმა და აღნიშნა, რომ რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია “შეუმჩნეველი არ დარჩენია”.

mazda magti 5g