LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსკა მაყაშვილი: „საკუთარ თავს ნიჭიერ ადამიანად არ მივიჩნევ!..“

12730
ruskkamayashvili

რუსკა მაყაშვილი პროექტ „ნიჭიერის“ მეათე საიუბილეო სეზონის ჟიურის შემადგენლობას ამშვენებს. მასზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თავადაც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ურჩევნია, არა კომპლიმენტებზე, არამედ თვითგანვითარებაზე იყოს ორიენტირებული.

ახლა კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც ბედნიერი ეტაპი აქვს. ორი შვილის დედა ერთმანეთს რთულად, მაგრამ დიდი სიამოვნებით უთავსებს ოჯახურ ცხოვრებას და ტელევიზიასა და თეატრს.

რუსკა, ნიჭის შენეული განსაზღვრება როგორია?

მგონია, რომ ნიჭიერება ძალიან ბევრ რამეშია და მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რომ კარგად მღერი ან ცეკვავ. ჩემთვის ყველაფერი ნიჭია. ადამიანს შესაძლოა, კარგი იუმორი ჰქონდეს და ესეც  ნიჭიერებად ეთვლებოდეს.

წლევანდელი „ნიჭიერიც“ სწორედ მაგიტომ მომწონს, რომ ბევრი მრავალმხრივად განვითარებული ადამიანია მოსული და სწორედ ამითაა საინტერესო საიუბილეო სეზონი. ბულდოზერით ლაკს რომ უსვამ ადამიანს, ეგეც ნიჭიერებაა. ნიჭიერება არ უნდა დაიშტამპოს.

როდის გაიგე საკუთარი თავის მიმართ პირველად ფრაზა: „უი, რუსკა როგორი ნიჭიერია!..“

არ მახსოვს და ასეთი შეფასებების ძალიან მერიდება, პირიქით, ნიჭიერი სულაც არ მგონია ჩემი თავი.

კარგი ახლა…

მართლა მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. საკუთარ თავს ნიჭიერ ადამიანად ნამდვილად არ მივიჩნევ. ეს ყველგან აღმინიშნავს და მითქვამს. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც შემომეკამათოს. არა. ძალიან ბევრს ვმუშაობ, ოდესმე შეიძლება ჩავთვალო, რომ ნიჭიერი ვარ. შეიძლება, არც დადგეს ეს დრო. ვფიქრობ, როცა საკუთარი თავი შემდგარ ადამიანად მიგაჩნია და ამბობ, ვაიმე, მე ძალიან ნიჭიერი ვარო, ვეღარ ვითარდები. მგონია, რომ მანდ ჩერდება ყველაფერი და განვითარებას წყვეტ. მე კი მინდა წინ წავიდე… ხალხმა განსაზღვროს თავად. ეს კომპლიმენტი ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე.

რასაკვირველია, არა… რა არის „ნიჭიერის“ ჟიურიში ყოფნის სირთულე და რა ინტერესი ახლავს მას?

ყველაფერი საინტერესოა. დაღლილის მაგივრად სავსე გამოდიხარ. სხვადასხვანაირი ადამიანი მოდის და ჩვენი თვალით ვუყურებთ საოცარ რაღაცებს. ერთმა მაყურებელმა დასვა კითხვა, რა აკივლებთო. მოვიდნენ და აქ ნახონ წივილი-კივილი. ვინც უყურებს შოუს, შემდეგ გვეუბნება, თქვენთან ერთად ვკივით და ვწივითო.

სირთულე ისაა, რომ ადამიანს სწორი ფორმით უთხრა უარი ისე, რომ მან ფარ-ხმალი არ დაყაროს. როცა ადამიანი მოდის, ჰგონია, რომ კარგად მღერის, ამ დროს ასე არაა და უნდა მიახვედრო, რომ სხვა გზას დაადგეს. ეს ნამდვილად რთულია, მაგრამ არა მიუღწეველი.

ყველაზე გამორჩეული ამ მომენტამდე შოუში რა იყო შენთვის?

გულწრფელად ვერ ვამბობ, რომელი იყო გამორჩეული. ყოველი მეორე ნომერი იყო სიგიჟე. ვეღარც ვიგებდი, რომელი მომეწონა უფრო მეტად. მართლაც საოცარი სეზონია. ასეთი გამორჩეული სეზონი ნამდვილად არ გვქონია. მართლა ყველაფერი ხდება.

კომენტარებს ეცნობი?

ძალიან იშვიათად. წივილ-კივილზე კითხვა „ნიჭიერის“ ლაივში ყოფნისას მოგვწერა ერთმა მაყურებელმა და იქ წავიკითხე. ჩემს პირად „ინსტაგრამზე“ ყველას ვპასუხობ, ვატარებ გამოკითხვებს და ვიგებ ხალხის აზრს. კრიტიკას, რა თქმა უნდა, ვიღებ, არასწორია, თუ ადამიანი კრიტიკას არ იღებს, მაგრამ „ნიჭიერთან“ დაკავშირებით ჩემს სოციალურ ქსელში სულ დადებითი კომენტარებია, რაც ძალიან მახარებს.

სხვადასხვა ტიპის პოპულარობა არსებობს. შენც გამოგიცდია ალბათ ყველანაირი. ახლა რა ტიპის პოპულარობა გაქვს, როგორ ფიქრობ?

იმდენად მეორხარისხოვანია ჩემთვის ამაზე ფიქრი… როცა მიზნად ისახავს, გახდე პოპულარული, ეს უკვე არასწორი მიდგომაა. გააჩნია, რა კუთხით მოიპოვებ მას. არასდროს მიფიქრია და არც ახლა ვფიქრობ ამაზე. ჩვეულებრივად ვმუშაობ, ვზრდი შვილებს და ვიღებ დიდ სიამოვნებას, როცა ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და დადებით ემოციებს მიზიარებენ. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას, რომ დადებითს უფრო მეტს ვიღებ. ხალხის სიყვარული ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ზოგჯერ არის შემთხვევა, ქუჩაში ცუდ ხასიათზე გამოდიხარ, ამ დროს მოდის უცნობი ადამიანი და გეუბნება, რომ ძალიან უყვარხარ. უცბადვე ვფიქრობ ხოლმე, ამის შემდეგ რატომ უნდა ვიყო ცუდ ხასიათზე…

ძალიან ბევრგან ხარ დაკავებული, ტელევიზიაში თუ თეატრში… დღეს კარიერის რა ეტაპზე იმყოფები? განვითარების რა გზა გაქვს დასახული?

განვითარებაში სულიერ განვითარებასაც ვგულისხმობდი, არა მხოლოდ კარიერულს. ხომ ვიზრდებით, ვიცვლებით… თუ კარიერაზე ვიტყვით, მაშინ ის როლები მინდა შევასრულო, თეატრსა თუ კინოში, რომელიც აქამდე არ შემისრულებია…

10 წლის წინანდელ რუსკას რას ეტყოდი?

ვეტყოდი, სწორად მიდიხარ, რუსკა, ასე გააგრძელე-მეთქი!..

ვიცი, რომ შენი ოჯახი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია…

რა თქმა უნდა, ეს არის ბედნიერების მთავარი მიზეზი. ყველა ქალი პოტენციური დედაა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ წარმოგიდგენია. ახლა, როცა ორი შვილი მყავს, ეს ძალიან მაბედნიერებს. მართლა შემიძლია, მათ გამო მთები გადავდგა, თუმცა საკმაოდ დამღლელი და რთული სიამოვნებაა შვილების ყოლა, მით უმეტეს, როცა ძიძა არ გყავს და არც გინდა გყავდეს. უცნაური ფობია მაქვს ძიძების. თან, ამ ასაკში გაჩენილი ბავშვები მინდა, თავად გავზარდო. ყველაფერს ვახერხებ. ილია ბაღში დადის. პატარა რომ იყო, სულ თან დავატარებდი… სანდრო ძალიან კარგი მამაა. დედაჩემი და სანდროს დედა არიან ძალიან მაგრები, ჩემი და… კატო ხშირად დამყავს გადაღებებზე, რიგია მის დატოვებაზე, ასე რომ, აქეთ არის სანატრელი, რომ დაიტოვონ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g