რა გავიგეთ სუს-ის განცხადებიდან

სუს-ის განცხადებიდან გავიგეთ, რომ მათ გამოავლინეს მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-ის მიხედვით, გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დღეს გავრცელებული ჩანაწერი მოიპოვეს და მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, ორი მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ 18- 323 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და გადაზიდვას და ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით. ასევე ვიცით, რომ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს, პარლამენტის წინ, მაჩალიკაშვილის მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ ფიცი ჰქონდათ მიცემული სუს-ის შენობაში თავის აფეთქებაზე.

 

რა არ ვიცით და რა კითხვები რჩება

ამ დრომდე უცნობია, ამოიღო თუ არა რაიმე სახის იარაღი სუს-მა გამოძიების ფარგლებში; ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, რომელშიც სუს-ის თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისძვილი საუბრობენ; მოჰყვა თუ არა ამ შესაძლო საუბარს რაიმე ქმედებები ან შეასრულა თუ არა ჩანაწერის თანახმად მიცემული დავალებები მორის მაჩალიკაშვილმა.

ასევე, არ ვიცით, რამდენი ხანი უსმენდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილს. საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე მოსამართლის განჩინება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ვიცით მხოლოდ ის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის შესაძლო საუბრის ჩანაწერი 2019 წლის 23 მარტითაა დათარიღებული, ხოლო გამოძიების დაწყებიდან ჩანაწერის გაკეთებამდე 9 თვეა გასული. თუმცა, როდის დაიწყო ფარული მიყურადება სუს-ს არ უთქვამს.

საიაში მიიჩნევენ, რომ საქმესთან დაკავშირებით სუს-ს ბევრად მეტი უნდა ეთქვა და მეტი არგუმენტაცია ყოფილიყო წარმოდგენილი.

სულხან სალაძე: ცხადია, მხოლოდ ამ განცხადეით რთულია დასკვნების გამოტანა. უმჯობესია, რომ სუს-მა უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, საწმუხაროდ არ იძლევა სრულ სურათს. ვიცით, რომ გასული წლის მაისის თვიდან ეს საკითხი გახდა აქტუალური და მიმდინარე წლის მარტის თვეში იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც გუშინ საუბრობდა სუს-ი. მეტი ინფორმაცია საზოგადოებას არ მიუღია. არ ვიცით როდის არის თანხმობა გაცემული ფარული მიყურადების შესახებ, თავიდანვე იყო მიმართვა თუ კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ უცნობია. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ იმ ჩანაწერით, რაც გასაჯაროვდა და იმ შემთხვევაშიც, თუ ის ავთენტურია, მაინც რთულია მსჯელობა.

როგორც “ფორტუნას” სულხან სალაძემ უთხრა, შესაძლებელია, ხელისუფლება ცდილობდეს, „ნახევრად მომზადებული თემებით გადაფაროს მნიშვნელოვანი საკითხები“, მაგალითად ისეთი, როგორიც რუსთავი 2-თან დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებია.

სულხან სალაძე: იმედი მაქვს, რომ დამატებით იქნება ინფორმაცია და არგუმენტები და იმედია, ეს არ იქნება მორიგი შემთხვევა, როცა კონკრეტული დღის წესრიგის შესაქმნელად საუბრობს ხელისუფლება თემებზე, რომელსაც შემდეგ გაგრძელება არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული მოვლენები და კვლავაც რჩება დღის წესრიგის ნაწილად და ამ ფონზე, ამის გასანეიტრალებლად შეიძლება საჭირო ყოფილიყო ამ თემის გამოტანა.

“რუსთავი 2”-ზე შეტევის ახალი ფაზა იწყება – ნიკა გვარამია

დაახლოებით მსგავსი კითხვა აქვს იურისტ ლევან ალაფიშვილსაც, რომელიც “ფორტუნასთან” ამბობს, რომ 2013 წლიდან უამრავი გამოძიებელი და თაროზე შემოდული საქმე არსებობს.

ლევან ალაფიშვილი: კითხვები იცით როდის აქეთ მაქვს? სუს-ის წარმოებულ იმ საქმეებთან დაკავშირებით მაქვს, რომელიც 2013 წლიდან მოდის. სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები… მომსწრე ვიყავით არა მხოლოდ ჩანაწერების, მგონი კინოფილმებიც ჰქონდათ გადაღებული და დღემდე გინახავთ რომელიმე საქმე სუს-ის მიერ ნაწარმოები დასრულებული? გვახსოვს საბურავების საქმე, სახელწმიფო გადატრიალება და ა.შ. ესაა ცუდი, რომ სახიფათოა ამ სამსახურის პოლიტიკურ საქმიანობაში გამოყენება.

 

საფრთხილო საქმე

ალაფიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პანკისის კონტექსტში მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე მართებს.

ლევან ალაფიშვილი: როდესაც ეს განცხადება გაკეთდა, პანკისში რა კომენტარი გააკეთეს? გუშინ და დღეს პანკისის მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ ნებისმიერი ქმედება მაჩალიკაშვილის მიმართ იქნება აღქმული, როგორც გაგრძელება იმ მოვლენების, რომელსაც იქ ჰქონდა ადგილი. მეორე, გავიხსენოთ, რომ როგორც მაჩალიკაშვილმა თქვა, ის დაკავებული ჰყავდათ ამ მოვლენების დროს. ასე რომ, პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი ეს ყველაფერი ვერ არის.

ამასთან, იურსიტი იმასაც დასძენს, რომ სუს-ის განცხადების მიზანი დანაშაულის პრევენცია ამ შემთხვევაში არ ყოფილა და შესაძლოა, ეს განცხადება საზოგადოებაში  ირაციონალური შიშების და ფობიების წახალისებას ისახავდა მიზნად.

საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან დეტალებზე არ საუბრობს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი. მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

მიუხედავად სუს-ის ღია განცხადებისა, რომ აღკვეთეს “უმძიმესი დანაშაული”, არც მალხაზ მაჩალიკაშვილსა და არც მის ძმისშვილს ამ დრომდე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვთ.

კატეგორიები: ანალიტიკა
თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები