LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება ხელისუფლების მიზანია, ამიტომ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ: შოთა თუთბერიძე

61
შოთა თუთბერიძე - იპნ-ს ფოტო

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია, ამიტომ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებულ ულტიმატუმზე საუბრისას განაცხადა.

“პრეზიდენტის პოზიციას ამჟამად ვერ გავაჟღერებ, თუმცა დაცვის მხარე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს”

მისივე თქმით, დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას.

„ცხადია, პრეზიდენტის პოზიციას ამჟამად ვერ გავაჟღერებ, თუმცა დაცვის მხარე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია, ამიტომ ამ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ. საბოლოო პოზიციას მასთან შეხვედრის შემდეგ გავიგებთ და ვნახავთ რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ამ დრომდე უცნობია რატომ არ ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში ალტერნატიულ მედიკოსთა ჯგუფის შეშვება და ყველანაირი შეზღუდვა, რომელსაც პენიტენციური სამსახური ქმნის, უკანონოა.

“რაც არ უნდა პროფესიონალი ექიმები ჰყავდეთ პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველას გვესმის, რომ ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება. ჩვენ არ ვაკისრებთ დამატებით ტვირთს და ვითხოვთ იმ უფლების რეალიზებას, რომელიც ყველა პატიმარს გააჩნია. ამიტომ, ყველანაირი შეზღუდვა, ხელოვნური ბარიერი და დაბრკოლება, რომელსაც პენიტენციური სამსახური ქმნის არის უკანონო”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს. ადვოკატების ინფორმაციით, თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნებოდა მოგვარებული, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავდა.