“შესაბამისი დაწესებულება ზრუნავს პატიმრის და, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის, როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე უსაფრთხოებაზე.” – აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილების საპასუხოდ და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არ დასწრებით მისი უფლება არ დარღვეულა.
ოხანაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, სხდომას ონლაინრეჟიმში დაესწროს და თუ ამაზე უარს ამბობს, ეს მისი უფლებაა:
“თუკი ვინმეს ინტერესშია, რომ ყველა პატიმრის უფლება იყოს დაცული, ეს არის, პირველ რიგში, სწორედ ის დაწესებულება და ის სამსახური, რომელსაც ეს ყველაფერი ევალება. რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, დაწესებულება მოწოდებული და მოწადინებულია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პატიმარზე ზრუნვა განხორციელდეს როგორც ჯანმრთელობის, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.
მე აქ კითხვის ნიშნებს ვერ ვხედავ. საკითხი არის შემდეგნაირად: შესაბამისი დაწესებულება ზრუნავს პატიმრის და, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის,როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. რაც შეეხება მის სასამართლო პროცესზე გადაყვანის საკითხს, რომელი საპროცესო უფლება დაირღვა, ვერ დამისახელებთ. რომელი საპროცესო უფლების დარღვევაზეა საუბარი, როცა მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, სხდომას ონლაინ დაესწროს და თუ ადამიანი უარს ამბობს სხდომაში ონლაინ დასწრებაზე, ეს მისი უფლებაა.
რაც საჯაროდაც მოვისმინეთ, მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე არდასწრებისას არის ორი ინტერესი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვის საკითხი. ამ საკითხების გათვალისწინებით კონკრეტულ დაწესებულებას სრული უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ვინმე რამეს არ იზიარებს, ხომ მიმართეს სტრასბურგს? მიმართონ კიდევ. სახელმწიფოს მოვალეობა თითოეულ პატიმარზე ზრუნვაა და ამას აკეთებს. არანაირი პრინციპი არ დარღვეულა.” – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღესვე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესს არ დაესწრება თავად სააკაშვილი.