LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო რეფორმა – რას გვეუბნება მიშელის დოკუმენტი და რაზე მსჯელობენ პოლიტიკოსები

166
fortuna.ge (38)

დღეს, კახეთში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ლიდერებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის თემა. აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ოპოზიცია და მმართველი პარტია საარჩევნო რეფორმის საკითხზე შეხვედრას მართავს – ხელისუფლებამ რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი დაასახელა

 

დისკუსიაში მონაწილე მხარეები

 

შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის იყვნენ ის პარტიები, რომელთაც საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული და საბოლოოდ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ დაახლოებით 40-მდე წინადადება ჰქონდათ, რომელიც სამუშაო ჯგუფს წარუდგინეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

“საარჩევნო კოდექსში” 40-მდე ფუნდამენტური ცვლილებაა შესატანი: ვაშაძე

 

მმართველი ძალა და მათი პრიორიტეტები

 

“ქართული ოცნების” წევრისა და დეპუტატ, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი თემა კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა.

„ვფიქრობ, რომ რამდენიმე საკითხი არის მნიშვნელოვანი. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, აქ რომ დავაახლოოთ ჩვენი წარმოდგენები. მეორე არის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – რა ფორმით და რა მასშტაბით შეიძლება ეს მოხდეს.

გვექნება ადმინისტრაციის უფრო გამართული მუშაობა, საჩივრების განხილვის უფრო გამართული სისტემა, უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ვინმეს ამ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნის დაყენების უფლებაც კი არ ჰქონდეს “, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არჩევნებზე მხოლოდ „აიდი“ ბარათების გამოყენებაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ, ამას თან სდევს პრობლემები: ოხანაშვილი

 

რას ამბობს ოპოზიცია

“ძალიან მალე, მივიღებთ ისტორიულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ნდობის პრობლემას მოხსნის,” – ამის შესახებ კი პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილი და განაცხადა და თქვა, რომ “თამარ ჟვანიამდე დახურდავება და დაყვანა არასწორია.” ელისაშვილი იმ რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც თვითმმათველობის არჩევნებზე კვლავ თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობას გამორიცხავს.

“მოქალაქეების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის  შეუთანხმებელი და გაურკვეველი არაფერი არ არის.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დეტალების დაზუსტება და კიდევ უფრო გაკეთილშობილება ამ საშვილიშვილო რეფორმის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არაფერი შეუთანხმებელი და გაურკვეველი არ არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის და ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ისტორიულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ნდობის პრობლემას მოხსნის,” – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, არის ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგალითად, თითის ანაბეჭდები, რომლის გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია.

“ჩვენ გვახსოვს მარკირება როგორი წყალ-წყალა და ტყუილი იყო. პერიმეტრი გაიზრდება 150 მეტრამდე, რომ იქ ხალხის დაყოვნება აღარ იყოს, ასე რომ ჩაცუცქული ძველი ბიჭები, სუს-ის მანქანები, კოორდინატორები, გახვითქული ქალები – ესენი აღარ იქნება.

პირდაპირ ეთერში სამი ლაივ-სტრიმ კამერა იქნება, თუმცა რაც ამ ცვლილებებს რევოლუციურს ხდის, ორი კომპონენტია – ელექტრომთვლელი მანქანები, რომლებიც არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში უკვე ზუსტ შედეგს გვეტყვის და მეორე – იქნება თუ არა საჩივრები, რამდენიმე დღეში, ცესკო მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 10 პროცენტს გადაითვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყალბება უბრალოდ აზრს დაკარგავს.” – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა რომელიმე პარტიის აქტივისტმა ან კომისიის წევრმა ძველი ინერციით ბიულეტინები ყუთში კვლავ ჩაყაროს, თუმცა ეს ამაო გარჯა იქნება.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააჩენს განცდას, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება: ლევან იოსელიანი

 

რას ფიქრობს სამოქალაქო საზოგადოება

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის შეფასებით, პარლამენტში უკვე ინიცირებული კანონპროექტი ბოლომდე ვერ ფარავს იმ საკითხებს, რომლებმაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესები უნდა გააუმჯობესოს.

როგორც დოლიძემ, შეხვედრის გამართვამდე განაცხადა, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, რათა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა მაღალი იყოს.

„ეუთო/ოდირის ერთობლივმა დასკვნამ გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი არის შეტანილი კანონპროექტში, ეს მაინც ფუნდამენტურად ვერ ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას. 

მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, რადგან საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა თუ მაღალი არ იქნება, კოდექსი გაუმჯობესებულ პროცესებს ვერ უზრუნველყოფს.

ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მნიშვნელობა აქვს, როგორი კომისია იქნება როგორც ქვედა, ასევე ზედა დონეზე. სწორედ ამიტომ ნომერ პირველ ფუნდამენტურ პრობლემად მივიჩნევთ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას.

პროფესიული ნიშნით დანიშნულ პირებთან დაკავშირებით შერჩევა უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, კანდიდატების არჩევა ისე უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან და მათი არჩევა რატომ ხდება.

ასევე ინიცირებულ ვერსიაში, რომ თუ პარტია მანდატს არ იყენებს, მას წარმომადგენელი არ უნდა ჰყავდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც არასწორია და ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ამ პარტიებს თავიანთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ საარჩევნო ადმინისტრაციაში იმის მიუხედავად, ისინი მანდატს იყენებენ თუ – არა“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

 

რას გვეუბნება ევროსაბჭოს პრეზიდენტის შეთანხმებული დოკუმენტი

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში მეორე პუნქტად მონიშნულ თემებში საუბარი ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ეხება. როგორც მიშელის დოკუმეტში ვკითხულობთ, მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული იქნება.

ამავე დოკუმენტის თანახმად, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე. პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან.

პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:

  • ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში.
  • 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი.
  • პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-
    ით.
  • ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.
  • საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.
  • საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ.
  • პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით.
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.
  • ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.
  • უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად.
  • ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.

ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესისთვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად.

შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა.

ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.

ვადები კი ამავე პუნქტის თანახმად შემდეგნაირია:

  1.  საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ.
  2.  შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული
    ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში დასკვნის მისაღებად.
  3. ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

მედიატორი ასაჯაროვებს დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა

შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობაში ის რეკომენდაციები უნდა ასახოს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით ქვეყანას ვენეციის კომისიამ, ეუთო/ოდირმა მისცეს. დოკუმენტში ასევე ასახული უნდა იყოს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g