„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მასთან დაკავშირებით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მელია წერს, რომ თოფურიძე დეზინფორმაციას ავრცელებს, აღნიშნული პოსტი კი, რომელიც ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაწერა შეკვეთილი იყო.
“კრიტიკის ნაცვლად “კრიტიკის”, ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად “ნიჭიერი” გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემს გაკვირვებას.
ერთ-ერთი ასეთი “ნიჭიერის” წყალობით ფეისბუქზე ტრიალებს კოლოსალური თანხები, რაც თურმე პარტიას ეხარჯება ჩემს შესანახად.
ეს “ნიჭიერი”კაცი კი იმდენად “ნიჭიერი” გახლავთ რომ საზოგადოებას თავისი ‘’საქმენი საგმირონით’’ ჯერ კიდევ მაშინ გააცნო თავი, სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი.
■ არანაირი ათი ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში!
■ არანაირ 4 ტონა ბენზინს არ მყიდულობს პარტია და არათუ 12 ათასი ლარი, 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება.
■ ყოველთვიურად თურმე 41 ათასი ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ!
■ ისე შთამბეჭდავად ახსენებენ დაცვას და მის შესანახად გამოყოფილ 18 ათასს, გეგონება მთელი გუნდი მიცავდეს და არა დაცვის ერთი თანამშრომელი, რომლის შენახვა ზუსტად ცხრაჯერ იაფი ჯდება.
■ და საერთოდ, სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შესძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად, საკადრის პასუხსაც მიიღებთ.
მჯერა, ხალხი ისედაც მიხვდება რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებენ, თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ.
თვეებია თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის, რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია და მეტი საუბრისგან, მანამ შევიკავებ თავს, სანამ ტყვეობაში არიან სააკაშვილი და გვარამია. განსაკუთრებით სანამ მიშას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, საზოგადოებას ვპირდები რომ თავის დროზე, აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო:
1) სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად ვინ რისთვის იბრძვის.
2) მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაამარცხო ივანიშვილის ბოროტება და არა იმ ნაცადი მეთოდებით, რისი წყალობითაც ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ, აგერ აქამდე ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.
ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება,” – წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, სოსო თოფურიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მიმართვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თანხების არამიზნობრივ დანახარჯებთან დაკავშირებით.
„პატივცემულო საზოგადოება, მე, მივიღე სიგნალი , ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ .
გაცნობეთ თქვენ, ხალხს, ვინაიდან ყველა ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს თქვენთვის!
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე თუ რამე თანხა ირიცხება, ის თანხა პირადი ფუფუნებისთვის არ უნდა იხარჯებოდეს თუ საჩუქარს იღებს , დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს! სამწუხაროდ, ხალხში უნდობლობა გაჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, კეთილი ინებეთ, ხალხს დაელაპარაკეთ და სიმართლე უთხარით, რა ხდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და რატომ ვრცელდება ხმები ,
პარტიის შიგნით ფიზიკურ დაპირისპირებაზე?!
სანამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას გააკეთებს ,
მე , ხალხს გავაცნობ კონკრეტულ ინფორმაციას:
ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის
ნიკანორ მელიას
ფეისბუკგვერდის რეკლამაზე დახარჯულ,
ენმ ს გადარიცხულ თანხებს
დახარჯული თანხა შეადგენს : 177 583 $
4 აგვისტო 2020 წელი
3 თებერვალი 2022 წელი.
/ წყარო , ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკა /
მე, არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ხალხს წარვუდგენ საჯარო ინფორმაციას, დახარჯული თანხის შესახებ!
განუმარტეთ საზოგადოებას, რატომ ხდება, რომ ხალხი შიმშილობს და თქვენ, ოპოზიცია,
ჩემი აზრით, უზარმაზარ თანხებს ხარჯავთ არამიზნობრივად?!
საქართველო კორუფციის გარეშე !
პატივისცემით,
პოლიტდევნილი,
პოლიციის და სამხედრო პოლკოვნიკი
იოსებ თოფურიძე
06.10.2022 წელი“. – წერს სოსო თოფურიძე.