LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საით მიდიხარ“ – გია ყანჩელის სიმღერის ახალი ვერსია და კლიპი Project Magda-სგან

2271
project-magda-2019

Project Magda-მ გია ყანჩელის სიმღერის „საით მიდიხარ“ ახალი ვერსია ჩაწერა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა 25 ივლისს, „ელ ცენტროში“ შედგა. შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლების გარემოცვაში, ასევე ჯგუფის გულშემატკივრებისა და და კლუბის სტუმრების თვალწინ არა მხოლოდ ახალი პროექტის ვიდეო-აუდიო პრემიერა შედგა, არამედ „საით მიდიხარ“ ცოცხალი შესრულებითაც მოვისმინეთ, ჯგუფის სხვა რეპერტუართან ერთად.

Project Magda-ს წევრები არიან: ვოკალი – მაგდა ვასაძე; ბასი – ლაშა აბაშმაძე; გიტარა – ლევან შარაშიძე; დრამი – გიო კაპანაძე; კლავიში – დათო კაკულია. აღსანიშნავია, რომ ახალი ინტერპრეტაციისთვის კლავიშის პარტია ნიკა ადიკაშვილმა დაუკრა. სიმღერაზე ასევე მუშაობდა ალეკო ბერძენიშვილი.

Project Magda-ს ახალ კლიპს რეჟისორი არ ჰყავს. სიმღერის ახალი ვერსია ბასისტ ლაშა აბაშმაძეს ეკუთვნის და ვიდეორგოლის იდეაც მისია. როგორც საღამოს წამყვანმა, რადიო „ფორტუნას“ სახემ, ნიკა კაციამ სცენაზე გამოსვლისას აღნიშნა, ლაშას ორიგინალური გადაწყვეტით, კლიპს რეჟისორი არ უნდა ჰყოლოდა და საზოგადოების შეფასებით თუ ვიმსჯელებთ, კლიპს ამით არაფერი დაჰკლებია. სამაგიეროდ, ჰყავდა ახალგაზრდა ოპერატორი, ზურა ლოცულაშვილი, რომელმაც მონტაჟის რეჟისურაც შეითავსა, ხოლო კლიპის პროდიუსერი გახლდათ ნიკა კაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი მიმართულებები განსაზღვრა, საბოლოო შედეგის მისაღებად.

ვიდეორგოლში სასიყვარულო ამბავი ვითარდება, რომლის მონაწილეები ბექა რაზმაძე და თაკო დათუაშილი არიან. ლამაზი კადრებით გაჯერებული კლიპის დიდი ნაწილი ქალაქგარეთ არის გადაღებული, ნაწილი კი თავად კლუბში „ელ ცენტრო“.

Project Magda-ს სიმღერის ახალი ინტერპრეტაციის უფლება თავად კომპოზიტორისგან აქვს მოპოვებული. ვერსია საცეკვაო გახლავთ და კიდევ ერთხელ აცოცხლებს იმ მელოდიას, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ასე ნაცნობი და საყვარელია.

მაგდა ვასაძე:

კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარს გია ყანჩელი და ამ სიმღერას ბავშვობიდან ვმღერი. ყველაზე მეტად მინდოდა მისი ფართო საზოგადოების წინაშე შესრულება. მე მომწონს ჩვენი ვერსია, კმაყოფილი ვარ, მინდა, სულ ვიცეკვო და იმედი მაქვს, ხალხიც ისევე მიიღებს და შეიყვარებს, როგორც მე მიყვარს ჩვენი ახალი ვერსია.

ნიკა კაცია:

რაც შეეხება პირველ ემოციებს, მიუხედავად იმისა, რომ 150-ჯერ ვნახე ალბათ, როგორც კი გადავავლე თვალი საზოგადოებას, შეძახილებიც გავიგე და მივხვდი, რომ ხალხს მოეწონა.

ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა, როგორც კლიპის პროდიუსერის. ეს იყო ექსპერიმენტი, ბევრი მიმართულებით ვიყავი ჩართული და მგონია, რომ საინტერესო გამოცდილება იყო. გადაღებები იყო ძალიან სასიამოვნო, სახალისო და ვფიქრობ, ამ საქმეს ისეთივე ადრენალინი აქვს, როგორსაც პირდაპირ ეთერში განვიცდი ხოლმე.

ვერიკო ტურაშვილი:

ბეწვის ხიდზე გაიარეს, ვაღიაროთ, მაგრამ ამ პროექტზე ისეთი მუსიკოსები მუშაობდნენ, დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად გაართმევდნენ თავს და არც შევმცდარვარ.  ზუსტად ასეთ შედეგს ველოდებოდი. ვულოცავ მათ!..

თემო საჯაია:

გია ყანჩელი ერთ-ერთი რთული და საინტერესო კომპოზიტორია. ვულოცავ ჩემს მეგობრებს, პროექტმა გაამართლა. მთავარია ახლის კეთება და ეს სიახლე ნამდვილად არის.

კახა კუხიანიძე:

პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა ის, რომ მაგდა ვასაძემ სიახლე გააკეთა. ძალიან კარგი განწყობა შემოიტანა. დარწმუნებული ვარ, ყველა პოზიტიურ განწყობაზე დადგა. დარწმუნებული ვარ, ყველას გადაედება დღევანდელი კარგი განწყობა, რომელიც ამ სიმღერამ შექმნა.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g