„მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს შეუმჩნევლად ვერ გაატარებს“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რათა გაირკვეს, ეს ერთჯერადი „ვიზიტია“, თუ სხვა რამ იგეგმება. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე, ყველა უნდა ვიყოთ ერთსულოვნები.
„მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს ვერ შეიწყნარებს, ვერც შეუმჩნევლად გაატარებს. ვინც არის საგარეო ურთიერთობების პასუხისმგებელი, აკეთებს ყველაფერს, იქნებიან ესენი, ქვეყნის გარეთ მყოფი დიპლომატები თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი მთავრობა და შესაბამისი უწყებები.
ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოირკვეს ეს არის ერთჯერადი, დაუშვებელი და დასაგმობი ვიზიტი, თუ სხვა რაღაც არის დაგეგმილი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შესაძლოა, იყოს მიმართული.
რასაკვირველია, ეს ასე ვერ დარჩება და კიდევ ერთხელ ყველამ ერთად, აქ ალბათ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ, უნდა ვიყოთ ერთსულოვნები. ღიად ვთქვათ, რომ ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, გარდა იმისა, რომ ეს უკანონოა, პირდაპირ არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული.“– განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
ამავე თემაზე:
ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან – შალვა პაპუაშვილი
გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით: ჯუანშერ ბურჭულაძე
ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში მიუღებელია – მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას: ილია დარჩიაშვილი